06 ივლისი 2024,   14:58
ვრცლად
პარლამენტში, ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს უსმენენ

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტს, პარლამენტი უსმენს. არჩილ მესტვირიშვილი წლიურ ანგარიშს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე წარადგენს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დეპუატატები მესტვირიშვილს კითხვებს დაუსვამენ, რომელი ძირითადად ინფლაციას და ლარის კურსს შეეხება.

ოპოზიცია ეროვნულ ბანკს ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო აკრიტიკებს.

"ეროვნული ბანკი წარადგენს ახლა ყველაზე წარუმატებელი წლის ანგარიშს. ფაქტობრივად, იმდენი კითხვა შეიძლება იყოს დასმული, რომ არ მგონია ერთი კომიტეტის ფორმატი საკმარისი იყოს ამისთვის. ეს ეხება უშუალოდ  ეროვნული ბანკის ქმედებებს, რომელმაც არათუ არ დაუშვა, რომ დაბალი ინფლაცია ყოფილიყო , არამედ 13 კვარტალი ზედიზედ ისე მართავს მონეტარულ პოლიტიკას, რომ ინფლაცია უფრო მაღალია, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი და არა უბრალოდ მაღალია, არამედ 13,9% იყო დეკემბერში წლის შედეგი და ამით ვიყავით ერთ - ერთი ცუდი ქვეყანა მსოფლიოში", - განაცხადა გირჩის წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი როგორც ომი, ასევე პოსტპანდემიური პერიოდია.

"ინფლაცია არის არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში გამოწვევა. ომი, ასევე პოსტპანდემიური ეკონომიკა, მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოწვევა არის ინფლაცია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ იყოს სწორი ნაბიჯები გადადგმული და საინტერესოა რა გეგმები აქვს ეროვნულ ბანკს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა.

დღესვე გაიმართება ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას მოსმენა, რომელიც ამჯერად, კომიტეტზე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატის რანგში წარსდგება.

დღის ამბები