რა კონფიგურაციით მიიღებს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას - დეტალები ცნობილი მომავალ კვირას გახდება. "ახალს", "ლელოს", ზურა ჯაფარიძის "გირჩსა" და ელენე ხოშტარიას "დროას" შორის მოლაპარაკებები, ბოლო ფაზაშია. 4 პოლიტიკური ძალა არჩევნებისთვის ერთიანდება. საბოლოო დეტალებზე შეთანხმების შემდეგ კი საზოგადოების წინაშე ერთ გაერთიანებად წარდგებიან.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო მდივანი, ლანა გალდავა, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაციას ადასტურებს.
"გვაქვს ნამდვილად კომუნიკაცია "გირჩი მეტი თავისუფლებასთან", "დროასთან", "ახალთანაც", გვაქვს საზოგადოებრივ ჯგუფებთან, გვაქვს ცალკეულ ინდივიდებთან, გვაქვს კონკრეტული სფეროების ექსპერტებთან მოლაპარაკებები, მაგრამ უშუალოდ გადაწყვეტილ საარჩევნო კონფიგურაციის შესახებ შეიტყობთ ამ დღეებში. მთავარი გამარჯვების ფორმულა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში არჩევნების დღისთვის უნდა არსებობდეს რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება, გაერთიანება პროდასავლური, რომ არც ერთი მოქალაქის ხმა არ იყოს დაკარგული," - აცხადებს ლანა გალდავა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი არ გამორიცხავს, რომ "სტრატეგია აღმაშენებლთან ერთად, ისინი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთანაც გაერთიანდნენ.
"სტრატეგია აღმაშენებელთან დაკავშირებით, ჩვენი პარტნიორობა ცნობილია საზოგადოებისთვის. მათ შორის, შეიძლება იყვნენ სხვა პოლიტიკური ჯგუფები და რაც მთავარია, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომელთაც შეიძლება პიროვნულადაც ჰქონდეთ ძალიან დიდი ელექტორატული წონა. ჩვენთვის ყველაზე ეფექტური მეთოდი ივანიშვილის დამარცხების, იყო ერთიანი სია, იყო ერთიანი ფრონტი, თუმცა როგორც შეთანხმდება ოპოზიცია, მე დარწმუნებული ვარ, ყველა კონფიგურაციით, ივანიშვილი დამარცხდება. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველვყოთ, რომ არც ერთი პრო დასავლელი ამომრჩევლის ხმაც არ დაიკარგოს," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე