20 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
რუსეთმა, შესაძლოა, ცოცხალი ძალის დანაკარგების 40 000-იანი ნიშნული გადაკვეთოს - ზელენსკი

ოკუპანტების მთავარი ტაქტიკური მიზანი არ შეცვლილა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მის ტრადიციულ ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.​

უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსი გენერლები თავის ხალხს საზარბაზნე ხორცად იყენებენ, რის გამოც, მიმდინარე თვეში, ოკუპანტს ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგები ექნება.

"ტერნოპოლის რეგიონში სარაკეტო დარტყმის შემდეგ 10 ადამიანი კვლავ საავადმყოფოებშია. ამ დარტყმას არ ჰქონდა ტაქტიკური ან სტრატეგიული აზრი, როგორც სხვა რუსული დარტყმების აბსოლუტურ უმრავლესობას. ეს არის ტერორი, უბრალოდ ტერორი. დაშავებულებს შორის არის 12 წლის გოგონა ხარკივიდან. ის წავიდა ტერნოპოლში რუსული არმიისგან თავის დასაღწევად.

ასეთი ფაქტები განსაზღვრავს რუსეთის აღქმას მსოფლიოში: არა პეტრე პირველი, ან ლევ ტოლსტოი, არამედ რუსული დარტყმით დაჭრილი და დაღუპული ბავშვები.

ჩვენს პარტნიორებს ვეუბნებით მარტივ რამეს: უკრაინას სჭირდება თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემები. ასეთი სისტემების მიწოდება წელს, გასულ წელს და უფრო ადრეც იყო შესაძლებელი. მივიღეთ ისინი? არა. გვჭირდება ისინი? დიახ. ამ კითხვაზე უკვე გაცემულია 2 606 დადებითი პასუხი რუსული ფრთოსანი რაკეტების სახით, რომლებიც დაეცა უკრაინის ქალაქებში. ეს არის ტრაგედიები, რომელთა თავიდან აცილება შეიძლებოდა უკრაინის მოსმენის შემთხვევაში.

რუსული არმია დონბასში სარეზერვო ძალების განთავსებას ცდილობს. მაგრამ რა რეზერვები შეიძლება, ჰქონდეთ ახლა? როგორც ჩანს, ისინი შეეცდებიან ბრძოლაში გადაისროლონ ცუდად გაწვრთნილი წვევამდელები და ფარული მობილიზებით შეკრებილები. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: ივნისში რუსეთმა შესაძლოა, ცოცხალი ძალის დანაკარგების 40 000-იან ნიშნული გადაკვეთოს. მრავალი ათწლეულის განმავლობაში არც ერთ სხვა ომში მათ ამდენი არ დაუკარგავთ,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღის ამბები