ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემი შევიდა, თუმცა აცხადებს, რომ საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.
გემის ბათუმის პორტში შესვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ მედიაში გავრცელდა და სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით დავით არახამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რასაც მოჰყვა მისი ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით.
"საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. როდესაც ეს ინფორმაცია ამერიკისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან ბევრი სიტყვა მოვისმინეთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ჩნდება ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს. საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. და, რა თქმა უნდა, ბ-ნი ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში,"- წერს არახამია "ტელეგრამში".
"დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია. საქართველოში არცერთი ფაქტი სანქციების გვერდის ავლის ან სანქციების დარღვევის არ ყოფილა და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. სურვილი ერთია, რომ ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს საქართველოში ასეთი პროდუქტების შემოტანის სურვილი. საქართველოს სახელმწიფო უწყებები მუშაობენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და დღეს საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.