20 მაისი 2024,   02:34
ვრცლად
ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია - მოუწევს თუ არა ბრიტანეთს "London Bridge Down"-ის, ანუ მონარქის გარდაცვალების პროტოკოლის ამოქმედება

სამწუხარო სიახლემ ბალმორალის ციხესიმაგრიდან მთელი მსოფლიო ეკრანებს მიაჯაჭვა. ბრიტანული იდენტობის მთავარი სიმბოლო, დედოფალი ავადაა. 96 წლის მონარქის ჯანმრთელობაზე ბუკინგემის სასახლე ამბებს ყოველდღე არ ჰყვება, ამიტომ ყველას ენიშნა, როდესაც სამეფო ოჯახმა ამის შესახებ დაწერა.

შოტლანდიაში საგანგებოდ გაემგზავრა დედოფლის მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა, კორნუოლის ჰერცოგინია. მათთან ერთად ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის შვილიშვილები პრინცი უილიამი და ჰარიცბალმორალის ციხესიმაგრესთან შეიკრიბნენ ინგლისელები, რომლებიც დედოფლის ამბით დაინტერესდნენ. სწორედ აქ დანიშნა 2 დღის წინ ელისაბედ II-მ ახალი პრემიერ მინისტრი, ლიზ ტრასი. მაშინ ფოტომ ბევრს კითხვა გაუჩინა მის ჯანმრთელობაზე, მით უმეტეს, რომ თებერვალში კოვიდ 19-ით ინფიცირებულმა დედოფალმა თავად აღნიშნა, რომ ვირუსმა იგი "გადაღალა და გამოფიტა". 
მძიმე იყო მისთვის შარშანდელი წელიც, როდესაც მეუღლე, ფილიპი დაკარგა.

საქმე რომ სერიოზულადაა ლიზ ტრასის განცხადებამაც დაადასტურა, რომელმაც დატვიტა,რომ მისი ფიქრები და ლოცვები ახლა დედოფალთანაა და სრულიად ქვეყანას ღრმად შეაწუხებს ბუკინგემიდან მიღებული ინფორმაცია. ტვიტების წერის პარალელურად, ტრასი საკუთარ ხედვებს დღეს საკანონმდებლო ორგანოს აცნობდა, სადაც დედოფლის ამბავი ძალიან განიცადეს. თუ ქვეყანა დედოფალს დაკარგავს, ლორდებს სამძიმრის წერილის დასაწერად შეკრება მოუწევთ და 10 დღით მუშაობს შეაჩერებენ.

"London bridge down" - ანუ ლონდონის ხიდის ოპერაცია იმ პროტოკოლის კოდური სახელწოდებაა, რომელიც მონარქის გარდაცვალების შემთხვევაში ამუშავდება. გეგმა პირველად 1960 წელს შემუშავდა და მის განახლებაში დედოფალი მონაწილეობას პირადად იღებდა ყოველწლიურად. საგანგებო გეგმა უწვრილმანეს დეტალებში ჩადის, განსაზღვრავს ისეთ დეტალებს, როგორიცაა სამგლოვიარო სიახლის გამოცხადების საათი თუ ბიბისის წამყვანების პიჯაკების ფერი ამბის გამოცხადების დროს. პროტოკოლის მოკლე ვერსია ასეთია : დედოფლის მდივანი სამწუხარო სიახლეს ამცნობს პრემიერს, პრემიერი საიდუმლო საბჭოს, ინფორმაცია მიდის შოტლანდიის, ირლანდიისა და უელსის მთავრობებთან, ასევე თანამეგობრობის 14 სახელმწიფოსთან, სადაც შედის კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სხვები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიტყობს ინფორმაციას საზოგადოება კონკრეტული მედიასაშუალებით და კონკრეტულ დროს.

ელისაბედ II ლუი XIV-ის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივმოქმედი მონარქია მსოფლიოს ისტორიაში, დიდი ბრიტანეთის ისტორიაში კი ამ მხრივ პირველი ადგილი უჭირავს, ის 70 წელია რაც ქვეყანას მართავს, რითიც მის წინაპარ ვიქტორიასაც გაუსწრო. წელს პლატინის იუბილეც კი აღნიშნა.

ელისაბედ II ტახტზე 25 წლის ასაკში ავიდა და არაერთი ისტორიული მოვლენის მონაწილეც გახდა. მისი დანიშნულია დიდი ბრიტანეთის ბოლო 15 პრემიერ-მინისტრი, მათ შორის უინსტონ ჩერჩილი და მარგარეტ ტეტჩერი. დედოფალს ხშირად აკრიტიკებდნენ პრინცესა დიანას თაყვანისმცემლები, რომლებსაც არ მოსწონდათ მისი დამოკიდებულება ლედი დის მიმართ. თუმცა ამას მისი პოპულარობისთვის ხელი არ შეუშლია და არც ავტორიტეტი შეულახავს.

დღის ამბები