20 მაისი 2024,   04:53
ვრცლად
სად ქრებიან ის უკრაინელები, ვინც რუსულ ბომბებსა და რაკეტებს გადაურჩა - უკრაინის მონაცემებით, მოსკოვმა უკვე გადაასახლა 2 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 38 000 ბავშვია

ლუდმილა და მისი 5 წლის ქალიშვილი ერთ-ერთია იმ ათასობით უკრაინელს შორის, რომლებიც საფილტრაციო ბანაკების გავლით იძულებით გადაასახლეს რუსეთში. გადასახლება, ან სიკვდილი - არც ერთ მათგანს არჩევანი არ დაუტოვეს, თუმცა ლუდმილამ სანკტ-პეტერბურგში ჩასვლის შემდეგ ფულის შეგროვება, ესტონეთის საზღვრის გადალახვა და რუსეთიდან გაქცევა შეძლო.

ლუდმილა გადარჩა, მაგრამ ბევრია იმ უკრაინელების რიცხვი, რომლებსაც რუსეთში, ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას აიძულებენ, კლავენ და აწამებენ. გაეროს მონაცემებით, ასეთი სულ 2.5 მილიონი ადამიანია, მათ შორის 38 000 ბავშვი.

უკრაინელების გზა რუსეთისკენ საფილტრაციო ბანაკების გავლით, ეს საკითხი გახდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის განხილვის მთავარი თემა, რომელიც ალბანეთმა და შეერთებულმა შტატებმა მოიწვიეს. გაეროში აცხადებენ, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანის შესახებ სანდო ცნობები არსებობს.

გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩი ვარაუდობს რომ რუსეთმა დეპორტაცია და იძულებითი გადაადგილება, შესაძლოა, ძალადობრივი გზით უკრაინის დემოგრაფიული მდგომარეობის შესაცვლელად გამოიყენოს.

სხდომაზე შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ფილტრაციის ოპერაციები უკრაინის ტერიტორიაზე.

ბრალდებებს ბრალდებით უპასუხა გაეროში რუსეთის ელჩმა. ვასილი ნებენზიამ მოსკოვის წინააღმდეგ ბრალდებებს დეზინფორმაციულ კამპანიაში უკრაინის და დასავლეთის მიერ წამოწყებული ახალი ეტაპი უწოდა.

შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, იელის უნივერსიტეტში გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთს და მის მარიონეტულ ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაკავების, დაკითხვისა და დამუშავებისთვის უკრაინაში 21 ბაზა აქვთ.

დღის ამბები