20 მაისი 2024,   02:57
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

დიდი ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მწუხარებას გამოთქვამს ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო:

"ჩვენი ფიქრები სამეფო ოჯახთან და მათთანაა, ვინც დიდ ბრიტანეთში ელისაბედ II -ის გარდაცვალებას გლოვობს. ერთ დროს მას შეარქვეს "ელისაბედ მედეგი" და მართლაც არასოდეს შეუწყვიტავს ჩვენთვის ღირებულებების მნიშვნელობის ჩვენება თანამედროვე სამყაროში, მისი მსახურებითა და საქმის მიმართ ერთგულებით," - ნათქვამია შარლ მიშელის ტვიტში

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ მსოფლიო ბრიტანელ ხალხთან ერთად გლოვობს:

"ცოტას თუ განუსაზღრავს მსოფლიო ისტორია ისე, როგორც მის უდიდებულესობა ელისაბედ მეორეს. მისი ურყევი ერთგულება საკუთარი მოვალეობებისა და სამსახურის მიმართ იყო სამაგალითო. მსოფლიო ბრიტანელ ხალხთან ერთად გლოვობს. ის მართლაც იყო დედოფალი "ელისაბედ დიდი" - მშვიდობით განისვენე"- წერს რობერტა მეცოლა.

დედოფლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს გაეროს გენერალური მდივანიც:

"ღრმად ვარ დამწუხრებული მისი უდიდებულესობის, დედოფალი ელისაბედ II -ის გარდაცვალების გამო. რომელიც უყვარდათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი ლიდერობისა და ერთგულებისთვის. ის იყო გაეროს კარგი მეგობარი. მისი ყოფნა იყო გამამხნევებელი ცვალებად ათწლეულების განმავლობაში. საქმის მიმართ მისი უსაზღვრო ერთგულება დიდი ხნით გვემახსოვრება,"- წერს ანტონიო გუტიერეში.

საფრანგეთის ლიდერი ამბობს, რომ ელისაბედ II განმსაზღვრელი ფიგურა იყო თავის ქვეყანასა და საუკუნეში:

"მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II ბრიტანელი ერის ერთიანობას 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განასახიერებდა. გულში ვინახავ საფრანგეთის მეგობრის, ჩვენი გულების დედოფლის ხსოვნას, რომელიც განმსაზღვრელი ფიგურა იყო თავის ქვეყანასა და საუკუნეში,"- დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

დედოფლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ჯასტინ ტრუდოც:

"ჩვენ ვიხსენებთ მის ცხოვრებას და მართვას, რომელიც ძალიან დიდი პერიოდს ითვლის. კანადელებს ყოველთვის ემახსოვრებათ და დააფასებენ მისი უდიდებულესობის სიბრძნეს, თანაგრძნობას და სითბოს. ჩვენი აზრები სამეფო ოჯახის წევრებთანაა ამ ურთულეს დროს. ყველაზე დამძიმებული გულით გავიგეთ ყველაზე დიდი ხნის მმართველის, მისი უდიდებულესობის დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი სამსახური კანადელებისთვის სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად,"- დაწერა კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

სამძიმრით დაასრულა  ბრიფინგი თეთრი სახლის პრეს-მდივანმაც: "ვუსამძიმრებთ დედოფლის ოჯახის წევრებსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს."

დღის ამბები