20 მაისი 2024,   01:15
ვრცლად
პუტინი მსოფლიოს სასურსათო კრიზისით და შიმშილით აშანტაჟებს

რუსეთში დღეს "შიმშილის თამაშების" კიდევ ერთი წესი გაამხილეს. პრინციპი მარტივი და ჭეშმარიტად რუსულია - მას შემდეგ, რაც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი დაბლოკეს, ამბობენ, რომ მზად არიან მსოფლიო მათ მიერვე შექმნილი კრიზისისგან იხსნან და უკრაინული პროდუქტი რუსულით ჩაანაცვლონ. პუტინის პრესმდივანი ამბობს, რომ ამისთვის მზაობა არსებობს, თუმცა საკითხი კომპლექსურია და უნდა დამუშავდეს.

როგორც უკრაინული მარცვლეულის მითვისების, ასევე ჩანაცვლების მცდელობები უცხო არ არის თავად უკრაინისთვის. ქვეყნის პრეზიდენტი დღესაც ცდილობდა დაერწმუნებინა პარტნიორები, რომ თუ არ იქნება მეტი ზეწოლა, რუსეთი მილიონობით ადამიანის სურსათის გარეშე დატოვებას არ მოერიდება.

მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილებების განხილვამდე გაერო ცდილობს ამავე ორგანიზაციის შუამავლობით დადებული შეთანხმება შეინარჩუნოს და ჰუმანიტარული დერეფნით მარცვლეულის გატანის პროცესი განახლდეს. სწორედ ამ დერეფნით დღეს თურქეთთან და უკრაინასთან შეთანხმებით 16 გემის გაყვანა დაიგეგმა. საუბარია იმ გემებზე, რომლებმაც უკრაინის აკვატორია შეთანხმების დარღვევამდე დატოვეს და ამჟამად თურქეთის წყლებში არიან. დღესვე დაიგეგმა დამატებით 40 გემის ინსპექტირებაც. ამ პროცესს რუსეთში უკანონოს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათთან შეთანხმების გარეშე მიღებული ყველა გადაწყვეტილება არალეგიტიმურია. წინააღმდეგობის მიუხედავად დღეს მკაფიოდ გამოთქვა საკუთარი პოზიცია თურქეთის პრეზიდენტმა.

"მარცვლეულის შეთანხმების" დარღვევას დამატებითი შეფასებები მოჰყვა აშშ-ში. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ღიად ამბობს, რომ რუსეთი ახლა საკვებს იარაღად იყენებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

კრიზისის გამწვავების ნიშნები სახეზეა და მისი დათვლა უკვე ციფრებშიც არის შესაძლებელი. Bloomberg-ის ინფორმაციით, დღეს დილით ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა, სინგაპურის ბირჟაზე - 5.6%-ით. რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერებით, ფაქტობრივად, დაბლოკა 218 გემის გადაადგილება, რაც უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით დაახლოებით 7 მილიონ ადამიანზე გათვლილი სასურსათო ტვირთის გაჩერებას გულისხმობს.

დღის ამბები