19 მაისი 2024,   06:22
ვრცლად
ესაა მაგალითი იმისა, რომ არ უნდა ჩაიდინო ისეთი დანაშაული, სასჯელის კანონიერად მოხდაც რომ არ იყოს საკმარისი - გურამ მაჭარაშვილი ვანო მერაბიშვილზე

გიორგი შარაშიძე პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა. ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. "რუსთავი 2-ის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე გაუსწორდა. ინფორმაცია კურიერს თავად შარაშიძემაც დაუდასტურა. მისი განცხადებით, ის პასუხისმგებლობას არ გაურბის და სამართალდამცველების კითხვებსაც უპასუხებს. 

ფაქტს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არსებობს მორალური და სამართლებრივი მხარე. მაჭარაშვილის თქმით, ადამიანმა ისეთი ქმედება არ უნდა ჩაიდინოს, რომ სასჯელის მოხდაც არ იყოს საკმარისი.

"ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი, თუმცა სასჯელის მოხდა ერთია, როგორც ჩანს საზოგადოებაში არსებობს ანტიგანწყობა და ეს აბსოლუტურად გასაგებია. არსებობს ერთი სამართლებრივი მხარე, მაგრამ არსებობს მეორე, მორალური მხარე, რა თქმა უნდა კანონსაწინააღმდეგო ქმედება არავისგან არ არის მოსაწონი, თუმცა დეტალებს გაარკვევს სამართალდამცავი უწყება. 

ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ არ უნდა ჩაიდინო ისეთი დანაშაული და ისეთი სისტემის მონაწილე არ უნდა იყო, რომ იმანაც ვერ გიშველოს, რომ  სასჯელი კანონიერად მოიხადო," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები