20 მაისი 2024,   00:26
ვრცლად
ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც დონეცკის ოლქის ტერიტორიებს იცავენ, ნამდვილი გმირები არიან, თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით ვაჟკაცობისთვის - ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინაში, ომის 339-ე დღეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია. ღამით ოკუპანტების დარტყმა განხორციელდა ზაპორიჟიას ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.

საცხოვრებელ კომპლექსზე იერიში მიიტანეს ჩასოვი იარში. ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ კორპუსებში, კერძო სახლებსა და სკოლაში.  

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ არსებობს ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილება უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტის შესახებ. როგორც ზელენსკიმ თქვა, ეს ქვეყნის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს.

"ვითარება ფრონტზე, კერძოდ დონეცკის ოლქში - ბახმუტთან და ვუჰლედართან, უკიდურესად მწვავეა. ოკუპანტები არამხოლოდ ჩვენს პოზიციებს ურტყამენ - ისინი განზრახ ანადგურებენ მათ გარშემო არსებულ ქალაქებსა და სოფლებს. არტილერია, ავიაცია, რაკეტები - რუსეთის არმია განადგურების საშუალებების ნაკლებობას არ განიცდის. და მისი შეჩერება მხოლოდ ძალით შეიძლება. ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც დონეცკის ოლქის ტერიტორიებს იცავენ, ნამდვილი გმირები არიან. თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით ვაჟკაცობისთვის! დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე ბელგიიდან. არსებობს ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილება ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტის შესახებ. სწორედ ეს გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. სწორედ ეს გაზრდის ჩვენი ჯარების მობილობას ბრძოლის ველზე. მადლობას გიხდით ამ მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, ყველა ლიდერს, რომლებმაც ამ კვირაში თავიანთი გადაწყვეტილებებით დაამტკიცეს, რომ რუსული აგრესია დამარცხდება," - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დასახლებებზე.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს 10 სარაკეტო დარტყმა, რომელთაგან ერთი მოხვდა ზაპორიჟის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. 26 საჰაერო და 81 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა სამოქალაქო ობიექტებზე ქალაქ ოჩაკოვში. მშვიდობიანი მოსახლეობაში არიან დაჭრილები და დაღუპულები. მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ბახმუტის, ავდივისა და ნოვოპავლივსკის მიმართულებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დასახლებებზე. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე და დაარტყა საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს. გარდა ამისა, ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს Su-25 ტიპის თვითმფრინავი, Mi-8 ტიპის ვერტმფრენი და 2 Supercam ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო ჯარების და არტილერიის ნაწილებმა დღის განმავლობაში დაარტყეს 2 საკონტროლო პუნქტს, მოწინააღმდეგის საზენიტო თავდაცვის 2 პოზიციასა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 5 უბანს,“ - ამბობს ოლექსანდრ სტუპუნი.

დღის ამბები