20 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
იენს სტოლტენბერგის მოულოდნელი ვიზიტი კიევში - რაზე ისაუბრეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნატოს გენერალურმა სტუმარმა 

ნატოს გენმდივნის ვიზიტი კიევში დღეს დილით დაიწყო. იენს სტოლტენბერგი უკრაინის დედაქალაქში მოულოდნელად ჩავიდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ინფორმაციას უკანასკნელ მომენტამდე არ ასაჯაროებდნენ. მაღალი რანგის სტუმარმა პირველი შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გამართა.

სტოლტენბერგის და ზელენსკის შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა უკრაინისთვის უკვე გაწეულ და სამომავლო დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება. კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია.

დახმარებისთვის ზელენსკიმ სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა. მაგრამ, შეახსენა, რომ მისი ქვეყანა სამხედრო ალიანსის წევრი, რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს.

საუბარი სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ კიევის ცენტრალურ გამზირზე, ფეხით სეირნობისას განაგრძეს. პარალელურად მასპინძელმა სტუმარს განადგურებული რუსული ტექნიკა და ის შეიარაღება უჩვენა, რომლითაც ოკუპანტი თავს მშვიდობიან მოსახლეობას ესხმოდა.

დღესვე ნატოს გენერალურმა მდივანმა კიევში უკრაინელი სამხედროების ხსოვნას მიაგო პატივი. ბუჩაში კი რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მხარეები ერთმანეთს უკვე ხვალ, რამშტაინის ფორმატში შეხვდებიან. სადაც, უკრაინის მხარდაჭერაზე საუბარი გაგრძელდება

პარალელურად, სამხედრო ბლოკის მხარდაჭერა, შესაძლოა უახლოეს პერიოდში მის წევრ პოლონეთსაც დასჭირდეს. კრემლის ბირთვული მუქარის ზრდის საპასუხოდ, ამერიკელი ანალიტიკოსები ნატოს მხრიდან პოლონეთში ანალოგიური შეიარაღების განთავსებაზე ალაპარაკდნენ. მით უფრო, რომ მსგავსს პრეცედენტს ადგილი უკვე ჰქონდა - 4 ათწლეულის წინ. მაშინ საბჭოთა კავშირმა საიდუმლოდ განათავსა საშუალო მანძილზე მოქმედი ასობით რაკეტა ევროპის და იაპონიის წინააღმდეგ. რასაც ნატოს მხრიდან ევროპის 5 ქვეყანაში - მათ შორის დასავლეთ გერმანიაში საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა. ახალი გამოწვევა უკვე ბელარუსში, რუსეთის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის განთავსებით ჩნდება. ამ საკითხზე ანდჟეი დუდამ შეერთებულ შტატებთან კონსულტაციები უკვე გამართა. შემდეგი ნაბიჯი კი, ექსპერტების ვარაუდით, ნატოსადმი მიმართვა იქნება - პოლონეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები