20 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით სამუშაოები დასკვნით ფაზაშია - სად იმყოფებიან ახლა ქართველები

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ცხელ წერტილში ჩარჩენილი 33 მოქალაქის გამოყვანა უახლოეს საათებში დაიწყება. განიხილება რამდენიმე გზა, რომლის გამოყენებითაც ქართველები კონფლიქტის ზონას დატოვებენ. პროცესი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

ევაკუაციის პროცესის დაწყებას ადასტურებენ იმ ავაიკომპანიაშიც, რომლის 33 თანამშრომელი უკვე მე-10 დღეა სუდანის ტერიტორიაზეა ჩარჩენილი. მფრინავები, ბორტგამცილებლები და ავიაინჟინრები - კომპანია MyWay Airlines-ისა და Geo Sky-ის წარმომადგენლები დედაქალაქ ხართუმში ახლა უკვე შედარებით უსაფრთხო ზონაში იმყოფებიან და ცხელი წერტილის დასატოვებლად ემზადებიან.

აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, თურქეთი, იორდანია, ეგვიპტე - დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები სუდანს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. რთულად, მაგრამ უკვე განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მოქალაქის ევაკუაცია ცხელი წერტილიდან. საომარი მოქმედებების ეპიცენტრიდან გამოსვლას ცდილობენ სუდანის მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

ვინც ცხელ წერტილს თავი უკვე დააღწია, მედიასთან  სუდანში არსებულ მძიმე ვითარებაზე ყვებიან. ორ სამხედრო დაჯგუფებას შორის მმართველობის ხელში ჩასაგდებად დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ასეულობით მოქალაქე ემსხვერპლა. ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

სუდანის არმიასა და "სწრაფი რეაგირების ძალებს" შორის ზავის დადება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 15 აპრილიდან კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა  და ვითარება კვლავ უკონტროლოა.

დღის ამბები