20 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
უკრაინის დახმარების საკითხი, დამნაშავეების დასჯა და თანამშრომლობის გაღრმავება - უკრაინის პრეზიდენტი ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შეხვდა 

უკრაინის დახმარების საკითხი, დამნაშავეების დასჯა და თანამშრომლობის გაღრმავება - ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებთან შეხვედრაზე განიხილა.

ვოლოდიმირ ზელენკსკის თქმით, ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხებში თავდაცვის კუთხით ტაბუ არ უნდა არსებობდეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა უნდა წააგოს ეს ომი და მისი ხელმძღვანელობა უნდა დაისაჯოს, უკრაინელების წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისა და გენოციდისთვის.  

"ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ქვეყანა, რომელსაც მოაქვს ტრაგედია და როგორ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ყველა რუს ტერორისტსა და მკვლელს. ევროპასა და თავისუფალ სამყაროში ეს ყველასთვის მთავარი ამოცანაა. რუსეთმა უნდა წააგოს ეს ომი და მისი ხელმძღვანელობა უნდა დაისაჯოს, უკრაინელების წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისა და გენოციდისთვის. ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი საუბრის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა უნდა იყოს ის, რომ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების საკითხებში არ შეიძლება არსებობდეს ტაბუ თავდაცვაზე. ყოველი ხელოვნური შეზღუდვა რუსეთის ფედერაციისთვის ტერორისტული შესაძლებლობაა," - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. 

შეხვედრაზე სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ თქვა, რომ სლოვაკეთი არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გაგზავნა ექსპერტთა ჯგუფები ომის დანაშაულების დოკუმენტაციისთვის.

"ჩვენ გვაერთიანებს არა მხოლოდ საერთო წარსული, არამედ საერთო მომავალი. როდესაც საქმე ომის დანაშაულებს ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დანაშაულებისთვის იყოს სამართლიანი სასჯელი. მიხარია, რომ სლოვაკეთი არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გაგზავნა ექსპერტთა ჯგუფები ომის დანაშაულების დოკუმენტაციისთვის. ეს აუცილებელია, რათა მომავალში დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ," - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა.  

"მზად ვართ უკრაინას გავუწიოთ დახმარება პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება. ის შეეხება არა მხოლოდ სამხედრო დახმარებას, არამედ ექნება სხვადასხვა ფორმები, განსაკუთრებით ბიზნესის განვითარების სფეროებში. ჩვენი კერძო ორგანიზაციები დაინტერესებულნი არიან უკრაინასთან თანამშრომლობით," - აღნიშნა პეტრ პაველიმ.

დღის ამბები