20 მაისი 2024,   22:18
ვრცლად
"როდესაც კვარას თამაში პირველად ვნახე, ვთქვი, "ღმერთო, ეს ვინ არის, უძლიერესია!" - რას ამბობს მარადონას შვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

ლეგენდარული დიეგო მარადონას შვილი, დიეგო უმცროსი "კურიერი PS-თან" ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლიზე" საუბრობს. ის ფიქრობს, რომ გუნდის დღევანდელი შემადგენლობითა და წარმატებით მისი ლეგენდარული მამა დღეს აუცილებლად იამაყებდა.

"ხვიჩა ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელია, ის არის მოთამაშე, რომელიც მაშინაც კი, როცა გუნდი რთულ მდგომარეობაშია, არ ერიდება სირთულეებს და ბურთი წინ მიაქვს. ხვიჩა უშიშარია, შეტევაზე მიდის, ერთი ერთზე თამაშობს, არ ეშინია დარტყმის, არ ეშინია დრიბლინგის. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც გამორჩეული ინდივიდუალიზმი და ხასიათი აქვს. მის ასაკში ეს იშვიათობაა. რთულია მსგავსი ფეხბურთელის პოვნა.

საოცარი იყო ხვიჩას გოლი "ატალანტასთან", შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად იყო მარადონასეული გოლი, ულამაზესი გათამაშება ჰქონდა. კვარაცხელიას უმაღლესი კლასის მოთამაშის მოქმედებები აქვს.

მახსოვს, როცა ხვიჩა "ნაპოლიში" გადმოდიოდა, მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე შევიტყვე. ერთხელ, ვახშამზე სპალეტიმ მითხრა, რომ უძლიერესი ქართველი ფეხბურთელი შეიძინეს და მალევე ვნახავდით, რამხელა ამბავს დაატრიალებდა. მისი მხოლოდ ვიდეოები მქონდა ნანახი, პირველად, პირადად, კვარას თამაში კასტელ დი სანგროს შეკრებაზე ვნახე და ვთქვი, "ღმერთო, ეს ვინ არის, უძლიერესია!" რაც მაშინ ვიფიქრე, იყო ის, რომ ხვიჩა გადამწყვეტი ფეხბურთელი იქნებოდა, ასეც აღმოჩნდა, ვფიქრობ, პერსპექტივაში, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და თუ ასე გააგრძელებს, სამეულში შევა."

კითხვაზე - "მის გარდა სამეულში ვინ იგულისხმეთ?" -დიეგო მარადონა უმცროსი პასუხობს -"მესი და რონალდო ისტორიას 25 წლის განმავლობაში წერდნენ. მომავალი მბაპე, ჰალანდი და კვარა იქნებიან".

ლეგენდარული ფეხბურთელის შვილის თქმით, დაპატიჟების შემთხვევაში, საქართველოს ის სიამოვნებით ეწვევა.

"დიდი სიამოვნებით ვეწვევი საქართველოს, თუ კვარაცხელია დამპატიჟებს, ხვალვე წამოვალ. თქვენ კი დიდი მადლობა, რომ ქართველ ხალხთან საუბრის საშუალება მომეცით, მიხარია, განსაკუთრებით იმისი გათვალისწინებით, რომ ჩვენი სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ქართველია," - განაცხადა PS-თან დიეგო მარადონა უმცროსმა.

დღის ამბები