15 ნოემბერი 2024,   17:08
ვრცლად
ვახტანგ გომელაურს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" ინტერპელაციის წესით იბარებს

შოვის ტრაგედიას ოპოზიცია პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს - აცხადებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტების მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, სპეკულაციას უწოდებენ. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციაზე მივა და ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.

ვახტანგ გომელაურს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" ინტერპელაციის წესით იბარებს. შოვის სტიქიასთან დაკავშირებით, მათ მინისტრს კითხვები უკვე გაუგზავნეს.

"ზედაპირზე არის ის დანაშაულებრივი უმოქმედობა, რომელშიც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ერთად იყო ჩართული, ის სრული არაეფექტურობა და არაკომპეტენტურობა, სახელმწიფო სტრუქტურების, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე. თუ ვინმე იყო, პირველ რიგში, პასუხისმგებელი პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან, ეს არის შს მინისტრი. მასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და მან აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვებს და "ნაცმოძრაობა" ყველა მექანიზმს გამოიყენებს, რომ გომელაურის პასუხები მალე იხილოს საზოგადოებამ," - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების კითხვებს ხელისუფლებამ პასუხი უკვე გასცა :

"არასწორად აქვთ ეს ინტერპელაცია, ჩემი აზრით, შედგენილი, იმიტომ რომ ინტერპელაციის დროს არა კონკრეტული ფაქტის გარშემო ისმება კითხვა, არამედ იმის გარშემო, თუ როგორ ახორციელებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკას ესა თუ ის სახელმწიფო უწყება. მაგრამ ამას თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, მინისტრი მოვა ინტერპელაციაზე და ყველა საკითხზე ამომწურავ პასუხს გასცემს, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებას ხელისუფლების მხრიდან უკვე აქვს ამომწურავი პასუხები გაცემული," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები