პარტია "ქართული ოცნების" ოფისში დეპუტატები იკრიბებიან. ამ წუთებში უმრავლესობის სხდომა იწყება. განხილვის მთავარი საგანი პრეზიდენტის იმპიჩმენტი და საჭირო პროცედურების დაწყებაა. მანამდე კი, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა.
მმართველ გუნდში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ იმპიჩმენტის პროცედურას სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა აქვს:
"იმპიჩმენტის პროცედურას აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. იმპიჩმენტი გახლავთ ის მექანიზმი, რომელიც არაერთ დემოკრატიულ სისტემაში იყო და არის გამოყენებული და მათ შორის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მისაბაძ დემოკრატიებშიც: მაგალითად, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ეს არის კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის საკითხი და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ იმპიჩმენტის ინიცირება გახლავთ აუცილებელი იმისთვის, რომ მომავალში კონსტიტუციური პრინციპების პატივისცემა იყოს უმთავრესი სახელმძღვანელო პრინციპი ყველა პოლიტიკური ინსტიტუტისთვის მიუხედავად იმისა, თუ რის გაკეთებას თვლის საჭიროდ მისი ხელმძღვანელი იმ მომენტში,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
დღეიდან, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, კანონმდებლები საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
ამ ეტაპზე საჭიროა 50 დეპუტატის თანხმობა, თუმცა შემდეგ, იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მისაყვანად, უკვე 100 კანონმდებლის ხმაა აუცილებელი.