15 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
კეზერაშვილი არის არამზადა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ძარცვავს მოხუცებს, ის ფასადად იფარებს ტელეკომპანიას და აზიანებს იქ მომუშავე ადამიანებს - ალეკო ელისაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ლობისტურ კომპანიებზე ახალი დოკუმენტები გამოქვეყნდა. ამჯერად საუბარია ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის "ქორნერსთოუნ გავერმენთ ეფიარსის" გასული სამი თვის საქმიანობის შესახებ.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანიამ, მაისიდან, აქტიურად დაიწყო ტელეკომპანია "ფორმულას" ლობირება და ლობიზმის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისფულების წარმომადგენლებს, ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და სხვა ორგანიზაციებს. მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი ჯამში 420 000 დოლარს იღებს.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ტელეკომპანიამ მაისსა და აგვისტოში "ქორნერსთოუნ გავერმენთ ეფიარსს" დაახლოებით 110 000 დოლარი გადაუხადა. ანგარიშში საუბარია ლობისტური ჯგუფის კავშირებზე ჟურნალისტ ალექს რაუფ-ოღლუსთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგებისას საქართველოს შესახებ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა.

ასევე, იკვეთება ლობისტური კომპანიის კავშირები შეერთებული შტატების მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, როგორიცაა, კონგრესის ჰელსინკის კომისიის თანამშრომელი მაიკ ჩეჩირე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ კეზერაშვილი ტელევიზიას და ტელევიზიის თანამშრომლებს ფასადად იყენებს. 

"კეზერაშვილი არის არამზადა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძარცვავს მოხუცებს. მანამდე ჩვენს ჯარს ძარცვავდა, ახლა კი მთელმა მსოფლიომ გაიცნო რა ადამიანიც არის. ძალიან ცუდია, რომ ის ფასადად იფარებს ტელეკომპანიას და იმ ტელეკომპანიაში მომუშავე ადამიანებს აზიანებს," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდიას განცხადებით, კეზერაშვილის პოლიტიკური ინტერესები ახალი არ არის და ლობისტურ კონტრაქტებშიც პრობლემას ნაკლებად ხედავს. მისი შეფასებით, მთავარია რას აკეთებს ქვეყნის ხელისუფლება ევროპული მომავლისთვის.

"კეზერაშვილს აქვს პოლიტიკური ინტერესი, ეს ახალი არ არის. მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს სჭირდება კანდიდატის სტატუსი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება. მე პრობლემას იმდენად ვერ ვხედავ ლობისტურ კონტრაქტში, თუნდაც კეზერაშვილის, პრობლემაა იმაში, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის,"- აცხადებს თეონა აქუბარდია. 

 

დღის ამბები