აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ლობისტურ კომპანიებზე ახალი დოკუმენტები გამოქვეყნდა. ამჯერად საუბარია ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის "ქორნერსთოუნ გავერმენთ ეფიარსის" გასული სამი თვის საქმიანობის შესახებ.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანიამ, მაისიდან, აქტიურად დაიწყო ტელეკომპანია "ფორმულას" ლობირება და ლობიზმის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისფულების წარმომადგენლებს, ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და სხვა ორგანიზაციებს. მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი ჯამში 420 000 დოლარს იღებს.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ ტელეკომპანიამ მაისსა და აგვისტოში "ქორნერსთოუნ გავერმენთ ეფიარსს" დაახლოებით 110 000 დოლარი გადაუხადა.
ანგარიშში საუბარია ლობისტური ჯგუფის კავშირებზე ჟურნალისტ ალექს რაუფ-ოღლუსთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგებისას საქართველოს შესახებ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა.
ასევე, იკვეთება ლობისტური კომპანიის კავშირები შეერთებული შტატების მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, როგორიცაა, კონგრესის ჰელსინკის კომისიის თანამშრომელი მაიკ ჩეჩირე.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ლობისტების დაქირავება ლეგიტიმურია, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" და "ტვ ფორმულა" ამას საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად იყენებს.
"სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ზუსტად ეს კანონი, რომლის პირდაპირი თარგმანი 8-9 მარტს გაპროტესტდა თბილისში, როგორც გაპროტესტდა და ამ კანონის მიხედვით, იუსტიციის უწყება აქვეყნებს ხოლმე აშშ-ში სხვადასხვა დოკუმენტებს, რომელიც დაკავშირებულია ლობისტურ საქმიანობასთან.
ახლა გავიგეთ, რომ "ტვ ფორმულას" აუყვანია ნახევარ მილიონ დოლარად კონკრეტული ლობისტი, რომელ ლობისტსაც სხვადასხვა კონტაქტებთან დაკავშირებით ევლება, რომ წარადგინოს დოკუმენტები და მათ შორის არის ერთ-ერთი ჟურნალისტი, თქვენი კოლეგა, რომელიც ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურ კითხვებს სვამდა საქართველოსთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტში, დამაზიანებელ კითხვებს სვამდა კიდევ უფრო ზუსტად და სწორად რომ ვთქვათ. ეს დამაზიანებელი კითხვები, რადგან ლობისტურმა კომპანიამ თქვა, რომ მან მიიღო დავალება "ფორმულასგან", რომ დაკავშირებოდა ამ ადამიანს, პირდაპირ არის "ფორმულას" დაკვეთა. ხო ჩვეულებრივი ჯაჭვია? რამე სპეკულაციური ხომ არ არის? "ფორმულას" ანუ ნაცმოძრაობის პირდაპირი დაკვეთით ისმებოდა სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოსთის დამაზიანებელი კითხვები, ეს გავიგეთ ამერიკაში მოქმედი ე.წ. რუსული კანონისგან, ბევრ რამეს გავიგებთ კიდევ, იმიტომ, რომ ხანდახან ცდილობენ ის დიდი მავნებლობა, რაღაცა ნაწილში მაინც "გააპრავონ", რომ დოკუმენტებზე მაინც იქნას დატანილი კონტაქტები, ჩვენ რომ არ აღმოვაჩინოთ და შემდეგ არ ვთქვათ, რომ ეს არ იყო ლეგიტიმური.
ლეგიტიმურია ლობისტების დაქირავება, თუმცა ამას ისინი იყენებენ საქართველოს დასაზიანებლად," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.