15 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
ფარას ახალი დოკუმენტი - როგორია ტელეკომპანია "ფორმულას" მენეჯმენტის განმარტება და რას ამბობენ პოლიტიკურ სპექტრში

"ეს არის ჟურნალისტებს ამოფარებული კრიმინალური კლანის კიდევ ერთი მხილება" - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია ფარაზე გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტის შემდეგ. საუბარია, შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რამდენიმე თვეა ტელეკომპანია ფორმულა "ქორნერსთოუნსის" ლობისტური მომსახურებით სარგებლობს. ლობისტურმა ჯგუფმა 110 ათას დოლარზე მეტი უკვე მიიღო. კონტრაქტის სრული მომსახურებისთვის კიდევ ნახევარი მილიონი დოლარის გადახდას ითვალისწინებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ამ ფორმით საქართველოში ძებნილი ყოფილი თავდაცვის მინისტრი მედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას და ქვეყნის საგარეო იმიჯის დაზიანებას ცდილობს.

დავით კეზერაშვილის მიმართ დღეს საკმაოდ კრიტიკული იყო ოპოზიციის ნაწილიც. პარტია "მოქალაქეების" ლიდერი დარწმუნებულია, რომ ყოფილი ძალოვანი საკუთარ მედია საშუალებას ფარად იყენებს, რითაც პირველ რიგში მის თანამშრომლებს აზარალებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აკრედიტებული ჟურნალისტების ლობისტებად გამოყენებაში პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც ღია მხარდაჭერას თავად დავით კეზერაშვილი უცხადებს. "ნაცმოძრაობასა" და მის პარტნიორ პარტიაში ამბობენ, რომ ლობისტების დაქირავება მათი თქმით, კრიტიკული მედიის, დასაცავად აპრობირებული მეთოდია.

"ქორნერსთოუნთან" გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ დღეს განმარტება ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალურმა დირექტორმაც გააკეთა. ზურაბ გუმბარიძის თქმით, ლობისტურ ფირმასთან მრავალათასიანი კონტრაქტის მიზეზი მხოლოდ მედიის ინტერესების დაცვაა.

ოპონენტების არგუმენტების არ სჯერათ "ქართული ოცნების" ლიდერებს. პოლიტიკოსების აზრით, ზღვარი "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს, კეზერაშვილსა და "ფორმულას" შორის წაშლილია. რისი მორიგი მტკიცებულებაც, მათი თქმით, ფარაზე გამოქვეყნებული დოკუმენტია. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ კანონი, რომელიც საქართველოში გააპროტესტეს, მამხილებლის როლს ამერიკიდანაც ასრულებს.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ფორმულასა და ლობისტურ კომპანია "ქორნერსთოუნს" შორის დადებული კონტრაქტი 30 აგვისტოს გასაჯაროვდა. ხელშეკრულების მიხედვით ლობისტები სულ 420 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებენ.

დღის ამბები