სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროსასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქმე ეხებოდა სამართლებრივ პროცესს და ოპოზიციისა და უცხოელი ექსპერტების თუ ოფიციალური პირების შეშფოთება უსაფუძვლო იყო.
"რამდენ საქმესთან დაკავშირებით, რა პიარ-კამპანიები ჩამოუნგრია თავისი გადაწყვეტილებებით სტრასბურგის სასამართლომ "ნაცმოძრაობას", მის ლიდერებს და მის პატრონებს. თქვენ ალბათ ისიც გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარედანაც, გარკვეული ადამიანები და წრეები ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მიუთითებდნენ იმას, რომ ეს არის პოლიტიკური დაკავება და დღეს უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვიცით, რომ ესეც მორიგი ფეიკ-კამპანია იყო, ტყუილების კასკადი იყო.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ამავდროულად ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ ისიც, რა თქმა უნდა ეს იქ არ წერია, მაგრამ შედეგი ეს არის, რომ ყველა ადამიანი, ვინც ნიკა მელიას უკანონოდ დაკავებაზე საუბრობდა, უბრალოდ ტყუილს ამბობდა.
მრავალი რაიონის, მუნიციპალიტეტის საკრებულოში გახარიას პარტია, რომელიც არის "ნაცმოძრაობასთან" კოალიციაში, მაინც საუბრობს იმაზე, რომ რაღაც სხვა ალიანსები არსებობს. თვითონ არიან კოალიციაში და სხვა, წარმოსახვით ალიანსებზე საუბრობენ. ამ დროს მათი პასუხი ძალიან აინტერესებს საზოგადოებას, მელიასთვის გადამდგარი გახარია დღეს რას იტყვის იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს რაღაც საერთო ნარატივი, რაც მაშინ იყო, თითქოს უკანონო დაკავება იყო მელიასი და ამიტომ სიმართლის მღაღადებელმა გახარიამ მიატოვა თავისი გუნდი. ეს ღალატი კი არ იყო უბრალოდ, სიმართლისთვის მიატოვა გუნდი. ეს სიმართლეც თურმე არ არის სიმართლე, ტყუილია. ყველაფერი სპეკულაცია იყო და მისი გადადგომა იმ ფეიკ-კამპანიას, რომელიც დღეს სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, აძლიერებდა, მეტი არაფერი- განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე "ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ" საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.