საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან "ქართული ოცნების" ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს, რომელიც გურიაში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცემა. პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები პარტიის ადგილობრივმა ორგანიზაციამ საკუთარი სახსრებით შეიძინა. შეგროვებული ნივთებით დატვირთული მანქანა გურიის მიმართულებით უკვე გავიდა და სპეციალურ შტაბს დღესვე გადაეცემა.
"სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტთა გუნდის მიერ მოხდა შეძენა სხვადასხვა პროდუქტის, პირველადი დახმარების ნივთების და ჩამოვიტანეთ ოზურგეთში, გურიაში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად,"- აცხადებს პარტია "ქართული ოცნების" სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფის-მენეჯერი ლაშა ნიკოლეიშვილი.
ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ნათია გოლიაძის განცხადებით, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა და მათ შეიძინეს პროდუქტები, რომელიც დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემათ.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, ეს არ იქნება ერთჯერადი ჰუმანიტარული აქცია და ყველა შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს დაზარალებულების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
"რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთჯერადი, ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურა და სამსახური, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, როგორც მუნიციპალიტეტების მერიებში, ისე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაშიც. მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს მოქალაქეებთან და არცერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების გარეშე,"-აცხადებს გიორგი ურუშაძე