"ლელო" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის და პარტიებთან კონსულტაციებს გეგმავს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, პირადი ხარჯით მოხდა ჩარტერული ფრენა თუ ბიუჯეტის სახსრებით, დანაშაული მაინც სახეზეა.
"ფაქტია, რომ დანაშაული სახეზეა - სახელმწიფო ხარჯით იყო თუ კერძო ხარჯით იყო, ორივე შემთხვევაში არის სისტემის გახრწნილების მტკიცებულება ჩარტერით ფრენა ღარიბაშვილის, არც ფული აქვს მას დაფიქსირებული დეკლარაციაში, რომ ეს დაეფინანსებინა და მითუმეტეს, თუ ეს სახელმწიფო ხარჯით განხორციელდა, ესეც დანაშაულია. ორივე შემთხვევაში გვაქვს საქმე დანაშაულთან,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე.
უკვე ცნობილია რომ "ლელოს" იდეას ოპოზიციის ნაწილი მხარს არ უჭერს. "საქართველოსთვის" წევრს, მიხეილ დაუშვილს მიაჩნია, რომ პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურა ისევე დააზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, როგორც პრეზიდენტის შემთხვევაში.
"ოპოზიცია გვეუბნება, რომ დავიწყოთ მეორე ყალბი იმპიჩმენტი. ყალბი იმიტომ, რომ აპრიორი ვიცით, ამას შედეგი ვერ ექნება. შეიძლება იმპიჩმენტი გასაკეთებელი იყოს ბევრ თემაზე, მაგრამ დღეს, ამ რეალობაში, როდესაც "ოცნება" თავის მიერ გამოცხადებული იმპიჩმენტით პრეზიდენტის წინააღმდეგ პირდაპირ აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, უბრალოდ დაუშვებელია, ამ დროს ოპოზიცია ისე მოიქცეს, როგორც იქცევა ხელისუფლება და ანალოგიური იმპიჩმენტით, ოღონდ ამ შემთხვევაში პრემიერი წინააღმდეგ, მაღალი ალბათობით, ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს,"-აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
პრემიერის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს "გირჩიც."
"ჩვენი მხარდაჭერა პრემიერის იმპიჩმენტს არ ექნება, რადგან თუ დავფიქრდებით, ჩვენ, ოპოზიციას ღარიბაშვილი ყველაზე მეტად გვაწყობს "ქოცების" პრემიერად. სხვა როგორ უნდა დაგეხმაროს ქართული ოცნება იმაში, შენ თუ გამარჯვება გინდა და საერთოდ რამის გამკეთებელი ხარ,"- აცხადებს "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია.