პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის დაწყების არანაირი საფუძველი არ არსებობს. მისივე განცხადებით, მოხდება ყველა იმ შემოსავლის დეკლარირება, რითაც პრემიერმა ჩარტერული რეისის დაფინანსება შეძლო.
"არანაირი საფუძველი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების არ აქვთ, თუ არადა აქ არიან, ჩამოაყალიბონ ერთი, რომელ საფუძველს ეყრდნობიან. ითქვა ხაზგასმით, რომ არცერთი თეთრი საბიუჯეტო თანხისა არ დახარჯულა და იყო სრულად დაფარული ეს ხარჯები პრემიერის მიერ და მათ შორის, მინდა ხაზი გავუსვა, რომ იმ ე.წ. საგამოძიებო რეპორტაჟში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობითაც კი, რომელიც, როგორც წესი, ამ დროს არის ხოლმე გამოყენებული როგორც დასაბუთება, არც კი თქმულა, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა. საქმეც იმაშია, რომ არავის უთქვამს, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა. შეიქმნა ასეთი აღქმა ამ რეპორტაჟის შედეგად, თითქოს ბიუჯეტის თანხით იყო.
ამაზე განმარტება გააკეთა როგორც მთავრობის ადმინისტრაციამ, ისე შესაბამისმა უწყებებმა, ვინც პასუხისმგებელია ამ თვითმფრინავის მართვასა თუ მოვლაზე, ყველამ გააკეთა განმარტება, რომ არცერთი თეთრი არ არის ბიუჯეტის დახარჯული ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ასევე გაკეთდა განმარტება, რომ ყველა ხარჯი თუ შემოსავალი, როგორ მოხდა ამის დაფინანსება, მოხდება ამის დეკლარირება,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, პრემიერის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს პარტია "ლელო," "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი პროკურატურას მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.