მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დღეს კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრის ჩარტერული რეისისთვის საბიუჯეტო სახსრები არ დახარჯულა. ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, მთავრობის ადმინისტრაციასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში აბსურდულს უწოდებენ. ამბობენ, რომ წინა მთავრობისგან განსხვავებით, სახელმწიფო ბიუჯეტის პირადი მიზნებისთვის მოხმარება "ქართულმა ოცნებამ" წარსულს ჩააბარა. პრემიერის მგზავრობის ხარჯების შესახებ ინფორმაცია კი, სრულად მის დეკლარაციაში იქნება ასახული.
მთავრობის მხრიდან არაერთი განმარტების მიუხედავად, ოპოზიცია კვლავ კორუფციაზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას, "ლელო" კი პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს. პარტია უნდობლობის გამოცხადების პროცედურისთვის საჭირო ხმების მოსაგროვებლად კოლეგებთან კონსულტაციებს აანონსებს.
კოლეგებთან კონსენსუსის მიღწევა "ლელოს" სავარაუდოდ გაუჭირდება. პოლიტიკოსების ნაწილს, იმპიჩმენტის პროცედურაზე საუბარი ალოგიკურად მიაჩნია. ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა მსგავსი ქმედებით ოპოზიციამ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესსაც კი შეუშალოს ხელი.
"ნაციონალურ მოძრაობას" და მის თანამოაზრეებს დღეს წარსული მმართველი პარტიის ლიდერებმაც შეახსენეს. პოლიტიკოსების თქმით, ოპოზიცია კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტთან კოორდინირებულად მოქმედებს და ამ საკითხით ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თემის გადაფარვა სურს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პრემიერის ფრენის შესახებ დეკლარაციაში დეტალური ინფორმაცია მოხვდება, შესაბამისად, საქმის სამართლებრივ სარჩულზე საუბარი სპეკულაციურია.
ჩარტერული რეისით მიუნხენის მიმართულებით, ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოში ისარგებლა. მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით ირკვევა, რომ მგზავრობა პრემიერმა საკუთარი სახსრებით დააფინანსა.