ოპოზიცია პოდოლიაკის განცხადებას ეხმაურება - "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადება ნათლად ასახავს იმ რეალობას, რომელშიც "ქართული ოცნება" საქართველოს ამყოფებს.
"პოდოლიაკი და სხვა დასავლელი ექსპერტები ობიექტურად ნათლად აფასებენ იმ რეალობას, რომელშიც "ქართული ოცნება" ამყოფებს საქართველოს. იმ მმართველობის წესით და ფორმებით, რომელსაც "ქართული ოცნება" იყენებს ბუნებრივია საქართველოს ევროპული კარები დახურული იქნება. ამიტომ არის 12 პუნქტიანი გეგმა. შესრულების შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მიღება გარანტირებული იქნება," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
"მოქალაქეების" ლიდერს მიაჩნია, რომ პოდოლიაკის გადასაწყვეტი არ არის საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ თუ არა. ალეკო ელისაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენას ხელს უშლის.
"ჯერ ერთი პოდოლიაკის გადასაწყვეტი არაა ჩვენ ევროკავშირის წევრის სტატუსს მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ. მეორეც, ძალიან ცუდია ასეთი განცხადებები და ხელს უშლის ჩვენს ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენას. ეს რაღაცა ძალიან გულს მტკენს სიმართლე რომ გითხრათ," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი.