"ქართული ოცნები" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოფიციალური კიევის წარმომადგენლის მორიგ ბრალდებას პასუხობს. საუბარია მიხაილო პოდოლიაკზე, რომელმაც მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას შეურაცხყოფა მიაყენა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირების შანსს ნული უწოდა. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ოფიციალური კიევის მხრიდან უცვლელი რიტორიკა მეორე ფრონტის იდეის კვლავ აქტუალურობას ადასტურებს.
რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ეს სიტყვები დღეს ქართული ოპოზიციური ფლანგის ნაწილმაც გაიზიარა. პოდოლიაკის შეფასებას "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის პარტნიორ "სტრატეგია აღმაშენებელში" სრულად იზიარებენ. ამბობენ, რომ ქვეყანას დღეს ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია.
პოდოლიაკისა და ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებები რომ თანხვედრაშია, არ უკვირთ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, ოფიციალური კიევის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, ხშირად, რეგიონში რუსულ ინტერესებს ემთხვევა, რაც, პოლიტიკოსების აზრით, დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს.
მმართველი გუნდის მსგავსად, დღეს უკრაინელი მაღალჩინოსანი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმაც გააკრიტიკა. ხელისუფლების ოპონენტები პოდოლიაკს საკუთარი ქვეყნის პრობლემებით დაკავებას ურჩევენ. ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრობას აზიანებს.
პოდოლიაკის მსგავსად, საქართველოს ევროპულ მომავალს პესიმისტურად უყურებს "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით ცნობილი ანდრიუს კუბილიუსი. ევროპარლამენტარმა დღეს ბრიუსელიდან ქართულ საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის ღიად მოუწოდა ხელისუფლების ცვლილებისკენ.
კამპანია საქართველოს ევროინტეგრაციის შესაფერხებლად - ასეთია "ქართული ოცნების" პოზიცია კუბილიუსისა და პოდოლიაკის თითქმის იდენტურ მოსაზრებებზე. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ორკესტრირებული შეტევის წინაპირობას კვლავ საქართველოში ვითარების გამწვავება წარმოადგენს.
უკრაინა უკვე მეორე წელია რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ებრძვის. ამ ფონზე, ოფიციალური კიევიდან პერმანენტულად ისმის საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა და ბრალდებები. თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლების წევრებს საკუთარი განცხადებების დამამტკიცებელი არცერთი მტკიცებულება არ გაუსაჯაროებიათ.