15 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
"ნაკლებად ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, ვინ მისცემს ხმას და ვინ არა, ვის მოისყიდიან და ვის არ მოისყიდიან" - ნიკა მელია

სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იაგო ხვიჩია იმყოფებოდა, მანამდე კი ზურაბიშვილი ნიკა მელიას შეხვდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე.  

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მისი იმპიჩმენტის საკითხს მშვიდად უყურებს. 

"ნაკლებად ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, ვინ მისცემს ხმას და ვინ არა, ვის მოისყიდიან და ვის არ მოისყიდიან. ვერავინ ვერავის გარანტორად ვერ ჩაუდგება, რომ ეს შეიძლება გამოირიცხოს. როგორ შეიძლება, უბრალოდ რამდენიმე ადამიანმა ღილაკს თითი მიაჭიროს და არ თქვას, თუ რატომ დაუჭირა მხარი ქართულ ოცნებას. ერთადერთი, მერკანტილური საფუძველი უნდა გაუჩნდეთ ამ ადამიანებს და მათ პირადად უნდა თქვან, რომ ჩვენი საბანკო ანგარიშები გამდიდრდა და ასეთი შემთხვევა, მე გამორიცხული მაქვს.

მოსაზრებას, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემი აზრით, არის ძალიან მძიმე გასააზრებლადაც კი. იმდენად უნდობლობაა ერთმანეთისა, რომ სხდომათა დარბაზში იმ შიშით ვერ შედიხარ, რომ ვიღაცამ ხმა არ მისცეს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, მაშინ იქ აღარ უნდა იყო," - აცხადებს ნიკა მელია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ "ქართულ ოცნებას" სასურველი გადაწყვეტილების მიღებაში, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაეხმარებიან.

"პრეზიდენტი მშვიდად უყურებს ამ საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ქართულმა ოცნებამ შეიძლება გადაიბიროს ხალხი ოპოზიციიდან. ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენს გადაიხდიან. ძირითადად, როგორც წესი, ნაცმოძრაობის სიით შესული ხალხია შემჩნეული ამაში. მერე კი ირქმევენ, რომ სხვადასხვა პარტიაში ვართო და ა.შ. მაგრამ მე მათ მაინც ყველას მოფერებით ნაცებს ვეძახი. მე არ მქონია კონკრეტულად საუბარი, ვისზე აქვს მას ეჭვი, უბრალოდ ჩვენ ყველანი ვიცნობთ ჩვენს კოლეგებს და შვიდი კაცის გადაბირება ნაცების გარეშე არ გამოვა. მე გამოვრიცხავ, რომ ჩემი პარტიიდან ვინმე მოისყიდონ," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ანა წითლიძე კი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობა" გაცხადებული და მკაფიო პოზიცია აქვს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

"ქართლი ოცნებისგან არაფერია გამორიცხული. ცხადია, რომ ახლაც იზამენ ყველაფერს, უბრალოდ, აქ ისრების გადმოტანა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ერთმანეთზე, მე სწორი არ მგონია, იმიტომ რომ ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. მაგრამ, ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობას თავისი გაცხადებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით აქვს, რომ ჩვენ ამ იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ სპეკულაციები რომ მორჩეს, კენჭისყრის საკითხამდე როდესაც მივა საქმე, იმიტომ რომ იმპიჩმენტი არის ფარული, რაც ნიშნავს იმას, რომ ხმის მიცემის შემდეგაც შეუძლებელი იქნება იმ ადამიანების სიის ამოღება, ვინც ხმა მისცა, იმისთვის რომ გამოირიცხოს ეს სპეკულაციები, სხდომათა დარბაზში არ შევიდეს არც ერთი ოპოზიციონერი,“ - აცხადებს ანა წითლიძე.

 

დღის ამბები