თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნულ საკითხს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები, მათ შორის ენმ-ში. "ნაციონალური მოძრაობა" გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს.
როგორც "კურიერთან" საუბრისას, ენმ-ის წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის ყველა ფრენა და ხარჯი დასაბუთებულია და ის სახელმწიფო მნიშვნელობის იყო.
"ყველა ეს ვიზიტი იყო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვიზიტი, ერთი - ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და მეორე, არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში.
ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო ვიზიტი განხორციელებული და შესაბამისად, ყველა ამ ფრენასთან და ხარჯთან დაკავშირებით იყო დასაბუთებული, არგუმენტირებული ფაქტები, რის გამო ხდებოდა ესა თუ ის ვიზიტი," - აღნიშნა ნადირაძემ.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხების გაცემას თავს არიდებს და არ პასუხობს "რუსთავი 2-ის" შეკითხვას, ენმ-ის კიდევ ერთი წევრი ლევან ბეჟაშვილი.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს "ჯორჯიან ეარვეისს" შორის დადებულ ხელშეკრულებებს. მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს "ჯორჯიან ეარვეისთან" გაფორმებული ორი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი.