პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი ამჯერად მაინც მიიღებს საქართველოსთან მიმართებაში სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
პაპუაშვილის განცხადებით, წინა წელს ევროკავშირმა სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რითაც რეალურად დაიჩაგრა პროცესში ლიდერი ქვეყანა - საქართველო.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ბორელის ვიზიტი, სადაც გარდა იმისა, რომ მაღალ დონეზე იყო პოლიტიკური შეხვედრები, იყო ტექნიკური ხასიათის შეხვედრებიც, დიდი დელეგაციით იყო ჩამოსული კომისარი. გვქონდა რეკომენდაციებზე საუბარი და მნიშვნელოვანი იდეები გავცვალეთ ერთმანეთთან თუ რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის. საქართველოს პარლამენტი აპირებს ამ საკითხებზე მსჯელობას.
გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირი პოლიტიკურად კიდევ ერთხელ დაფიქრდება. შარშან, გადაწყვეტილება სამივე ქვეყნის მიმართ იყო პოლიტიკური, ნაკლებად დაფუძნებული დამსახურებებზე ასეთ საკითხებზე და სამწუხაროდ, შარშან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუსი. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ არის გზავნილი, მათთვის, ვინც არ არის საქართველოს კეთილმოსურნე.
მნიშვნელოვანია ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გააცნობიეროს თუ რა სამომავლო გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მიიღოს, ამ ჯერზე მაინც, სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.