15 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
"აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა განცხადება გაევრცელებინა ამ დეზინფორმაციის გამო, რომელიც გავრცელდა პარტიულ ტელევიზიებში" - შალვა პაპუაშვილი

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია. ამის შესახებ გამოცემა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა განუცხადა

მანამდე კი, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზების განთავსებაზე - ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ უარყო. უკვე ორი დღეა ერთ-ერთი მედია საშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა განცხადება გაევრცელებინა იმ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციური ტელევიზიებით ვრცელდებოდა.

პაპუაშვილის თქმით, ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება აზიანებს როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ის რეპუტაციას და შორს არის ყველანაირი კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკისგან.

"აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა განცხადება გაევრცელებინა, ამ დეზინფორმაციის გამო, რომელიც გავრცელდა პარტიულ ტელევიზიებში. ასეთი ინფორმაციით ზიანდება არა მხოლოდ საქართველოს რეპუტაცია, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, ასეთი პირდაპირი ტყუილებით, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, გარდა ერთი ადამიანის მონაჭორისა და ასეთ ტყუილებზე რომ ეწყობა სიუჟეტები და ხდება დღის განხილვის თემა, რა თქმა უნდა, შორს არის ყველანაირი კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკისგან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები