აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია. ამის შესახებ გამოცემა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა განუცხადა.
მანამდე კი, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზების განთავსებაზე - ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ უარყო. უკვე ორი დღეა ერთ-ერთი მედია საშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განაცხადებით, აშშ-ის საელჩომ თავისი განცხადებით, "სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავზე დაახურა და დაამხო დეზინფორმაციის გამავრცელებელ სუბიექტებს".
"დეზინფორმაცია იყო, რაც უკავშირდებოდა ამერიკის სამხედრო ბაზების გახსნის საკითხს საქართველოში. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან მსგავსი ბაზების გახსნის შემოთავაზება არ მიგვიღია. გუშინ იყო ატეხილი აჟიოტაჟი და ამერიკის საელჩომ თავისი განცხადებით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავზე დაახურა და დაამხო დეზინფორმაციის გამავრცელებელ სუბიექტებს. იყო ბევრი სხვა დეზინფორმაციას", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.