15 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
"არ ვარ მაღალი წარმოდგენის სალომე ზურაბიშვილზე" - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის დროს ენმ დარბაზში არ შევა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის დროს, "ნაციონალური მოძრაობა" დარბაზში არ შევა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ამას წინ უძღოდა ოპოზიციის ნაწილის ვარაუდი, რომ "ქართულ ოცნებას" იმპიჩმენტის პროცედურაში, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მხარდაჭერა ექნებოდა.

დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, ეს ვარაუდები მეტ-ნაკლებად გააბათილა, თუმცა გაჩნდა სხვა კითხვები. კერძოდ, ნიშნავს თუ არა ეს ნაბიჯი იმას, რომ პარტიაში არ ენდობიან თანაგუნდელებს და არ აქვთ კონტროლი მათ ქმედებებზე.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი არ აინტერესებთ და პროცესშიც მონაწილეობას არ მიიღებენ.

"არ ვარ მაღალი წარმოდგენის სალომე ზურაბიშვილზე, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას არ იყენებს და პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავს ტყვედ. ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან იმის მცდელობა, რომ სალომეს საკითხი იყოს აქტუალური, არის დახმარება ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის. ეს საკითხი არავის არ აინტერესებს რუსული პარტიის გარდა, რომ როგორმე შექმნან სალომე ზურაბიშვილისგან მსხვერპლი. ჩვენ ეს თემა არ გვაინტერესებს, პოლიტიკურმა საბჭომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო და საერთოდ არ ვაპირებთ მონაწილეობას", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები