15 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
სახელმწიფო მნიშვნელობის ვიზიტი პაბლო ესკობარის საფლავზე - სად იფრინა სააკაშვილმა ბიუჯეტის 14 მილიონით

მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის კერძო ვიზიტების დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. საქმე ეხება წინა ხელისუფლების დროს, თავდაცვის სამინისტროსა და Georgian Airways-ის შორის გაფორმებულ საიდუმლო ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ექსპრეზიდენტისა და მისი გარემოცვის საჰაერო ხომალდებით მომსახურებისთვის მილიონობით ლარის ბიუჯეტიდან ანაზღაურებას გულისხმობდა.

თავდაცვის უწყებამ დღეს საქმესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. სამინისტრო 2010, 2011 და 2012 წლებში განხორციელებული ტრანზაქციების გასაიდუმლოებას აპირებს. "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ საკურორტო ზონებში მიხეილ სააკაშვილის ვოიაჟების 14 მილიონი ლარით დაფინანსება, მძიმე დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებაა.

ოჯახთან და ახლო გარემოცვასთან ერთად, სააკაშვილის კოლუმბიაში, ნიცაში, კანში და სხვა საკურორტო ზონებში მოგზაურობას "ნაციონალური მოძრაობა" დღეს არაღიარების პოლიტიკის ნაწილს უწოდებს. შეკითხვას - უნდა დაიწყოს თუ არა საქმეზე გამოძიება, ექსპრეზიდენტის პარტიაში თავს არიდებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც ამტკიცებენ, რომ რომ თავდაცვის სამინისტროდან გადახდილი მილიონები ქვეყნისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ისახავდა მიზნად. წელიწადში, საშუალოდ, ასამდე კერძო ფრენა სხვადასხვა კურორტზე ბიუჯეტის ხარჯზე მათთვის კითხვებს არ აჩენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება რომ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების სტილი იყო - ამაზე საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს კიდევ ერთხელ გაამახვილე ყურადღება. კანონმდებლები ოპოზიციას ორმაგი სტანდარტებით მოქმედების გამო აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის გართობაში გაფლანგული მილიონები პატიმარ სააკაშვილისთვის მორიგი ბრალის წარდგენის წინაპირობა უნდა გახდეს.

გახდება თუ არა თავდაცვის სამინისტროსთან დადებული საიდუმლო ხელშეკრულება მიხეილ სააკაშვილისთვის მორიგი ბრალის წარდგენის საბაბი, ჯერჯერობით უცნობია. "რუსთავი 2"-თან Georgian Airways-ის დამფუძნებელმა უკვე დაადასტურა, რომ კერძო მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან მაშინ 14 მილიონ ლარზე მეტი იყო გადარიცხული.

დღის ამბები