"ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად" - სამიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, 4 წელიწადში ერთხელ იმართება. მთავრობის მეთაურების ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო სერვისების გაძლიერებისთვის განხორციელებულ იმ სამთავრობო პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს გლობალურ რეიტინგებში დაწინაურების საშუალებას აძლევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2030 წლისთვის, საქართველოს განვითარების სტრატეგია ახსენა და განმარტა, რომ ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტები გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან თავსებადია. ირაკლი ღარიბაშვილმა, სამიტზე ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესზეც ისაუბრა.
ნიუ-იორკში პრემიერის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილის თქმით, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს აქვს კარგი შესაძლებლობა პირისპირ ესაუბროს იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, ნიუ-იორკში, გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეიკრიბნენ. გენერალური დებატების პარალელურად იმართება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან შეხვედრისას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დასკვნით ეტაპზეა .და წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს. კანცლერთან შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში შეაფასა. პრემიერმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გერმანიის მხარდაჭერისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა.
12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსაც. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი საკითხები, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შესრულდება. პრემიერის განცხადებით ამ საკითხზე ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემაც გამართა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს და რეფორმების კუთხით აღებული ვალდებულებებიც მტკიცეა. პრემიერი მიიჩნევს რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების და დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ საქართველოს მთავრობის მზადყოფნას მიესალმა შარლ მიშელი, რომელმაც სოციალური ქსელის საშუალებით განმარტა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტული პრიორიტეტების შესრულებაა საჭირო. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების ერთგულებაზე გააკეთა აქცენტი ტვიტერში ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, გაეროს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში - ეს საკითხები იყო მთავარი განსახილველი თემები, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანტონიო გუტიერეშს შორის გამართული შეხვედრისას. პრემიერ-მინისტრმა გენერალურ მდივანს პირადად უთხრა, რომ საქართველო აფასებს მის ძალისხმევას „მშვიდობის ახალი დღის წესრიგის“ შემუშავებაში. შეხვედრაზე ითქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა შეიცვალა, არსებული გამოწვევების დასაძლევად კი ერთიანი ძალისხმევით მუშაობაა საჭირო. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ვითარებაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ერთგული რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ.
საქართველო რომ მზადყოფნას გამოთქვამს საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად - ამ საკითხმა მკაფიოდ გაიჟღერა დერეკ შოლესთან შეხვედრის დროსაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან, ერთად ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელა. შეხვედრაზე მხარეებმა განმარტეს, რომ არსებული თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესია. ამერიკა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგული და მხარდამჭერი რჩება - სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა პოლიტიკური გზავნილი საკუთარ სოციალურ ქსელში გაახმოვანა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა თურქეთის პრეზიდენტთანაც და მასთან, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. საქართველოს მთავრობის მეთაური კლიმატური ამბიციების სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას. კვირის ბოლოს კი, ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალურ დებატებზე, 78-ე ასამბლეაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.