"ქართული ოცნების " თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" და საქართველოს პრეზიდენტი ერთად გეგმავდნენ ერთ-ერთი კონსტიტუციური ორგანოს, ეროვნული ბანკის საბოტაჟს. კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტთან იბარებდნენ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს და სთხოვდნენ განცხადებით უარი ეთქვათ საკუთარი კანდიდატურების წარდგენაზე.
"მივიღეთ გადაწყვეტილება ორივე წევრის არჩევის თაობაზე. მინდა, განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. პრინციპში, გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად შემოგვთავაზეს განმარტება. პირდაპირ ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯერ მოუწოდებდნენ პრეზიდენტს, გაეწვია კანდიდატები, რისი უფლებაც მას აღარ ჰქონდა, თორემ ალბათ გაიწვევდა.
ვიღაცის ინტერესებში, ვიღაცაში ვისაც ვგულისხმობთ, ხვდებით თავადაც - რადიკალური ოპოზიცია თავისი სალომე ზურაბიშვილით, მათ ინტერესებში იყო კიდევ ერთხელ კონკრეტული კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟი, ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის. მათი გათვლა რა არის - წლის ბოლოსთვის, ნოემბრის ბოლოსთვის რჩებოდა საბჭოში მხოლოდ სამი წევრი და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ინსტიტუტი ვეღარ გააგრძელებდა ეფექტიან საქმიანობას. როდესაც ასე ღიად მიდიხარ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟზე, აქედან ჩანს, რა არის მათი მიზანი, პირდაპირ ცდილობენ ყველა და ყველაფერი გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და კიდევ ერთხელ მოხდა ამ ალიანსის ლუსტრაცია.
ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ კანდიდატებს პრეზიდენტთან და მათ სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ზეწოლა რა შეიძლება იყოს. ეს არის სწორედ უღირსი საქციელი.
როდესაც საკუთარ წარმოდგენილ კანდიდატებზე ამბობ უარს, კანდიდატებს ხომ ენდობოდა, მათ მიმართ არ აქვს კითხვები, მაგრამ ერთადერთი მიზანი ჰქონდა - საბოტაჟი ეროვნული ბანკის, ანუ ეროვნული ბანკი უნდა გამხდარიყო არაქმედითუნარიანი. პირდაპირ ხელისგულზე დევს ეს ყველაფერი. სრული ალიანსია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რაც ძალიან მძიმეა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა. მანამდე საკითხი კომიტეტზე განიხილეს სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ყეინიშვილისა და ხომერიკის წარდგენაზე სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა. მმართველმა გუნდა ეს ფაქტი საბოტაჟად შეაფასა და თქვა, რომ პრეზიდენტს კანდიდატების უკან გაწვევა არ შეუძლია.