ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტი თანამზრახველია ფინანსური სისტემის ჩამოქცევის მცდელობაში. მისივე შეფასებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების უკან გაწვევის მცდელობა და მათი დაბარება იმისათვის, რომ საკუთარ კანდიდატურებზე უარი ეთქვათ, სწორედ ამის მანიშნებელია.
"პრეზიდენტის როლი იყო თანამზრახველის როლი ფინანსური სისტემის ჩამოქცევის მცდელობაში. ეროვნულ ბანკში, გარკვეულ რაოდენობაზე ნაკლები რომ დარჩეს, უკვე უფლებამოსილი აღარ არის საბჭო და ამ პირობებში, თავის წარმოდგენილ კანდიდატებს უკან რომ იწვევს და მერე აღმოაჩენს, რომ არ არის ასეთი ნორმა, რომელიც ამას ითვალისწინებს, შემდეგ იბარებს კანდიდატს და იქ ეუბნება რომ მან თავად დაწეროს განცხადება რათა ამაში მონაწილეობა არ მიიღოს, ეს არის თუ არა ფინანსური სისტემის ჩამონგრევის მცდელობა? პრეზიდენტი რომ ამას აკეთებს, სხვა რაზე უნდა ვილაპარაკოთ. ის არის თანამზრახველი გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა კახა კალაძემაც და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ქმედება პირდაპირი ზეწოლაა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ნათია თურნავაზე.
"ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში, ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას იცავდეს და ყველაფერს აკეთებს რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს კონსტიტუციას, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, და განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. მაგრამ ყველაფერი ცხადია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, რეალურად როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან მიმართებით, როგორ მოქმედებს თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებაში. ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა. მანამდე საკითხი კომიტეტზე განიხილეს სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ყეინიშვილისა და ხომერიკის წარდგენაზე სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა. მმართველმა გუნდა ეს ფაქტი საბოტაჟად შეაფასა და თქვა, რომ პრეზიდენტს კანდიდატების უკან გაწვევა არ შეუძლია.