პარლამენტმა, ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად დაამტკიცა. პრეზიდენტის მიერ დასახელებულ და შემდგომ მის მიერვე დაწუნებულ კანდიდატებს, ნდობა საპარლამენტო უმრავლესობამ გამოუცხადა. გადაწყვეტილების მიზეზი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მთავარი საფინანსო ინსტიტუტის საბოტაჟირების მცდელობაა - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია.
ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ერთად საბჭოში ხელოვნური კრიზისის შექმნას ცდილობდა. კობახიძემ, პრეზიდენტის მხრიდან, უკვე დასახელებული კანდიდატების მიმართ ზეწოლის ფაქტზეც ისაუბრა.
სასესიო კენჭისყრას წინ საფინანსო კომიტეტის სხდომა უძღოდა. სადაც, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა სალომე ზურაბიშვილის ულტიმატუმზე ისაუბრა. გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის დასახელებულ კანდიდატებს მხარს აღარ უჭერს.
ვაკანტური ადგილებზე პრეტენდენტების დასახელებას კი, მხოლოდ ნათია თურნავას გადადგომისა და 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლის შემდეგ აპირებს. მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება მთავარი საფინანსო ინსტიტუტის საბოტაჟირებად, საკომიტეტო დარბაზშივე შეაფასა. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ კანონთან შეუსაბამობაშია ამაზე დღეს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა.
პაატა კვიჟინაძემ ისიც განმარტა, რომ წარსულში უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგობის მიუხედავად შეცვლილმა კანონმა დღეს ბანკი გარდაუვალი კრიზისისგან იხსნა. მთავარსარდალს არჩევანი მოუწონეს დღეს ნაციონალურ მოძრაობაში.
თუმცა, ოპოზიციურ პარტიაში თქვეს, რომ კანდიდატების უკან გაწვევასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს განცხადება თავად უნდა გაეკეთებინა, რაც მას პოლიტიკურ სიმძაფრეს შესძენდა. განსხვავებული იყო საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მოსაზრება.
პოლიტიკოსები საფინანსო სექტორისთვის რისკებს, როგორც მთავრობის ისე ზურაბიშვილის ქმედებებში ხედავენ. ნაციონალურ მოძრაობასა და მის ლობისტებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა დღეს პრეზიდენტი მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
მდინარაძემ ზურაბიშვილისა და ოპოზიციის უნისონში მოქმედებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მთავარი საფინანსო ინსტიტუტის მიზანმიმართული საბოტაჟირება საზოგადოებრივი მღელვარების სურვილს უკავშირდება.
სალომე ზურაბიშვილის სურვილის მიუხედავად, სების საბჭო, რომელიც მთავარ მაკონტროლებელს წარმოადგენს დღეს 6 კაცამდე შეივსო. ეროვნული ბანკის მთავარი სათათბიროს სრულად დაკომპლექტებას კი კიდევ 3 ადამიანის არჩევა სჭირდება.