ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად, გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალური მიღება გამართა. ღონისძიება მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებთან ერთად მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მიღებაზე მიწვევა მისთვის პატივი იყო. მთავრობის მეთაურმა საქართველო - ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებთან ერთად, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა მალტელ კოლეგასთან შეხვედრის დროსაც. ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მალტას რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილი რამდენიმე საკითხი კი, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად შესრულდება. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. პრემიერ -მინისტრებმა შეხვედრაზე ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმეს და გამოთქვეს ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მზაობაც. მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგისთვის სტიმულის მისაცემად მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა მნიშვნელოვანია. ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით გადამწყვეტ დროს, რომ მალტას მხრადაჭერა დასაფასებელია, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
პოლიტიკურ საკითხებთან ერთად ეკონომიკური კავშირების გამყარება იყო საუბრის მთავარი თემა, ირაკლი ღარიბაშვილისა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს შორის გამართული შეხვედრისას. მხარეებმა განიხილეს საუდის არაბეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების დინამიკა და სამომავლო გეგმები დასახეს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია და საუდის არაბეთის სამეფო სტრატეგიულ, მიმზიდველ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს საქართველოსთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზიტორთა ელექტრონული ვიზის მინიჭების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ორ ქვეყანას შორის ტურისტების ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განახლებადი ენერგიის, უძრავი ქონების, ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი საუდის არაბეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაში მონაწილეობს. უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობის მეთაური საზოგადოებას რამდენიმე საათში მიმართავს. პრემიერ-მინისტრი, გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის განცხადებით, ყურადღებას გაამახვილებს ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკისა და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე გამართა მაღალი დონის შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან. პრემიერ-მინისტრი პირისპირ ესაუბრა ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში. ასევე , სხვადასხვა სახელმწიფოების პირველ პირებს.. მდგრადი განვითარების სამიტზე კი ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და გაეროს გენერალური ასამბლეის წესდებისა და პრინციპების თავსებადობასა და ქვეყნაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.