15 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
რუმინეთში ვიზიტის მიზანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ჩვენს კოლეგებთან საუბარი, მათი მხარდაჭერის მოპოვება - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში დაიწყო. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრები ქვეყნის პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მის რუმინელ კოლეგასთან და დეპუტატებთან, ასევე, ექსპერტებთან.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა რუმინეთის სენატის წინაშე. ორმხრივი ურთიერთობის პარალელურად საუბარი იქნება ეკონომიკურ პროექტებზეც.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, რუმინეთში ვიზიტის მიზანია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე კოლეგებთან საუბარი და მათი მხარდაჭერის მოპოვება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, რუმინეთს განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

"ჩვენი დელეგაციის ვიზიტის მიზანია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ჩვენს კოლეგებთან საუბარი, მათი მხარდაჭერის მოპოვება. რუმინეთს განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, იმ პროექტებიდან გამომდინარე, რომლებიც ახლა იწყება. მათ შორის, შავი ზღვის ღრმაწყლოვანი კაბელი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს დააკავშირებს. ეს შესაძლებლობას შექმნის, ევროკავშირმა განახლებადი ენერგია მიიღოს, მათ შორის საქართველოდან.

ამას გარდა, რუმინეთს განსაკუთრებული როლი აქვს ახლანდელი ინტეგრაციის პროცესში. მას მოლდოვის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს და ჩვენი სურვილია, ამ თვალსაზრისითაც მეტი იყოს მათი მხარდაჭერა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები