მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ვიზიტებს განაგრძობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის 25-27 სექტემბერს ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პრეზიდენტებს შეხვდება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მუხლი არ დარჩა საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც ეხება პრეზიდენტს და რომელიც სალომე ზურაბიშვილს არ დაურღვევია:
"ფაქტობრივად მუხლი არ დარჩა საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც ეხება პრეზიდენტს და რომელიც სალომე ზურაბიშვილს არ დაურღვევია. ამით ის სრულიად უპატივცემულობას გამოხატავს საქართველოს კონსტიტუციის მიმართ მაშინ, როდესაც თვითონ უნდა იყოს მისი დაცვის მთავარი გარანტი. ამას ცხადია დასჭირდება სამართლებრივი შეფასება და ეს შეფასებაც დარწმუნებული ვარ იქნება შესაბამისი,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია კი აცხადებს, რომ ნებისმიერი დევიაცია ნებისმიერი პოლიტიკოსისგან და მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილისგან, იმ დროის, როდესაც ქვეყანამ დროულად შეასრულოს რეკომენდაციები, არამართებულია:
"ჩვენ მას არ განვიხილავდით იმ პოლიტიკოსების რიცხვში, რომელთაც აქ წამოცდენებიც კი ჰქონდათ ამ ტრიბუნასთან, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მთელმა ოპოზიციამ, რათა "ქართული ოცნების" ხელში არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი ქვეყანას. თუმცა, სამწუხაროდ ემთხვევა ერთმანეთს ეს დღის წესრიგი. თქვენ ნახეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლები არაერთ ფორუმზე და ჩვენი მესიჯები არის აბსოლუტურად მკაფიო, რომ ჩვენ მოვახერხოთ და რაც შეიძლება დროულად შევასრულოთ საშინაო დავალება. ამ დროს, ნებისმიერი დევიაცია ნებისმიერი პოლიტიკოსისგან არის აბსოლუტურად არამართებული და განსაკუთრებულად ისეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსისგან, მათ შორის წარსულში დიპლომატისგან და ახლა ამ ქვეყნის მთავარსარდლისგან, როგორიც არის ქალბატონი პრეზიდენტი," - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.