06 ოქტომბერი 2024,   19:57
ვრცლად
აშშ მკაფიოა საკუთარ პოზიციაში, საჯაროდაც და პირად საუბრებშიც - ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი - აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს. რეზოლუციის მიღებას თან მწვავე დებატებიც ახლდა. გაეროს ტრიბუნიდან მწვავე და კრიტიკული განცხადებებიც ისმოდა.

აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ლინდა ტომას-გრინფილდი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მკაფიოა საკუთარ პოზიციაში, საჯაროდაც და პირად საუბრებშიც - ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი.

"კოლეგებო, ჩვენ საშიში მომენტის წინაშე ვდგავართ. ეს მომენტი სახიფათოა ისრაელისთვის და პალესტინისთვის. პირველ რიგში კი, რეგიონისა და მსოფლიოსთვის. აშშ მკაფიოა საკუთარ პოზიციაში, საჯაროდაც და პირად საუბრებშიც - ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, ის პასუხისმგებელია, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა ტერორისტული დაჯგუფებებისგან. ეს უნდა ხდებოდეს საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში. ომში არ არსებობს თავისუფალი ზონა. რეგიონული მოთამაშეების მხრიდან, ჰუმანიტარული ნორმები უნდა იყოს დაცული ღაზაშიც და ყველა სხვა ადგილას." - აცხადებს ლინდა ტომას-გრინფილდი.

განცხადება გააკეთა რუსეთის მუდმივი წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ვასილი ნებენზიამ.

"ეს არაა რომელიმე ერის გამარჯვება, ეს ჯანსაღი აზრის, სამართლიანობისა და ჰუმანურობის გრძნობის გამარჯვებაა. მოცემული რეზოლუცია მცირეა, რაც ჩვენ ღაზისა თუ ისრაელელი ხალხისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ. კენჭისყრამ კი მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ, ამ ტრაგედიის ფონზე, პასუხისმგებლობიანი მოთამაშეები აცნობიერებენ იმას, რომ ახლა არაა ვიწრო ინტერესებზე ზრუნვის დრო. მნიშვნელოვანია ძალადობის დროულად დასრულებისა და გაეროს ფარგლებში მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოწოდებები." - აცხადებს ვასილი ნებენზია.

დღის ამბები