20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
„წინასაარჩევნოდ ეგზიტპოლის ჩასატარებლად ნახევარი მილიონი ლარი გვჭირდება“, - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიას სჭირდება იმ ტექნიკის შეძენა, რაც წინასაარჩევნოდაა საჭირო. გვარამიას თქმით უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნოდ ეგზიტპოლის ჩატარება.

„წინა არჩევნებზე ჩვენი ეგზიტპოლი იყო პრაქტიკულად უცდომილებო. 0,2 პროცენტი იყო ცდომილება. სხვა არხების ეგზიტპოლებით კი ჩვენმა ხელისუფლებამ იზეიმა გამარჯვება. 52 პროცენტი იყო ნარმანიას რეიტინგი ერთერთი ტელეკომპანიის ეგზიტპოლით და რა მოხდა სინამდვილეში, ჩვენი ეგზიტპოლი იყო მართალი და იყო პირველი ტური მხოლოდ, 46 პროცენტი დაჯდა. მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. რომ არ ყოფილიყო ჩვენი ეგზიტპოლი, არავინ იცის რა შედეგს იზეიმებდნენ. მართლა იზეიმებდნენ, თუ სამარცხვინოდ ხახამშრალები დარჩებოდნენ, როგორც დარჩნენ. ამიტომ ამ ვითარებაშიც ყველამ კარგად იცის, რა ფასი ექნება ჩვენ ეგზიტპოლს“, - განაცხადა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის დირექტორის თქმით, საყოველთაო არჩევნების დროს ეგზიტპოლი გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ადგილობრივი არჩევნებისას. ტელეკომპანიას ეგზიტპოლის ჩასატარებლად სადღაც ნახევარი მილიონი ლარი სჭირდება.

„ეს თანხები ბუნებრივია არ გვექნება, თუ საინვესტიციო დახმარება, ან ბანკის კრედიტი არ გვექნება“, - დასძინა გვარამიამ. 

დღის ამბები