რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, რუსთავი 2 რეპრესიული მექანიზმის მსხვერპლია და ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი.
„ის, რომ ჩვენ ეთერში არ შემოვარდნილა ვიღაც და კაბელი არ გადაუჭრია, არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ გვხურავს. კაბელის გადაჭრის აღდგენა მარტივად ხდება ამ კაბელის ხელახლა მიერთებით. ფინანსური ზიანის მიყენება გაცილებით უფრო მძიმე რამ არის“, - აღნიშნა გვარამიამ.
მან ასევე განაცხადა, რომ სანამ ივანიშვილი ამ ქვეყანაშია და იმას აკეთებს, რასაც აკეთებს, რუსთავი 2 ამის შესახებ ყველას მოუყვება. გვარამიას თქმით, რუსთავი 2 არა ივანიშვილის კომფორტისთვის, არამედ მაყურებლისთვის არსებობს, რომელმაც უნდა იცოდეს სიმართლე. გვარამიას თქმით, რუსთავი 2 არ მოკვდება და ამით ხელისუფლებასა და პირადა ივანიშვილს ბედნიერებას არ მიანიჭებს.
„სანამ მე ცოცხალი ვარ და რუსთავი 2-ში შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო პროცესებზე, თქვენ პატივცემულო არასდროს არ გექნებათ კომფორტი რომ მშვიდად დაიძინოთ იმიტომ, რომ რუსთავი 2 არ არსებობს. მშვიდად შეძლებთ დაძინებას მაშინ, როდესაც ქვეყანას მიხედავთ და მოუვლით. თქვენ ამას არ აკეთებთ, ქვეყანას აფარჩაკებთ და სისხლს სწოვთ. ამიტომ ამას ყველა ქართველი მაყურებელი ყოველთვის გაიგებს. თქვენი მთავრობის ვაჟკაცობასაც აუცილებლად გაიგებენ ყოველთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ამისთვის ვარსებობთ. თუ კარგად გაუძღვებით ქვეყანას, ამასაც, თავისთავად ცხადია, გაიგებენ, ოღონდ ამის პირი ჯერ არ ჩანს.
იმიტომ, რომ მეოთხე გასაოცარი წელი დაიწყო ბატონო ივანიშვილო და ქვეყანა მხოლოდდამხოლოდ ცუდისკენ მიდის. მხოლოდ ერთი წელი დარჩა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის და ქვეყანის ეკონომიკა დაქცეულია, მედიაპლურალიზმი სერიოზული პრობლემების ქვეშ არის და დემოკრატიის სხვა მიმართულებებითაც პროლემებია. ევროსაბჭომ პირველად დაწერა თავისი ისტორიის განმავლობაში, რომ საქართველოში დემოკრატია და ადამიანის უფლებები არის უმძიმეს მდგოამრეობაში. ასე რომ, ამას ქართველი მაყურებელი ყოველთვის გაიგებს. მე გაძლევთ ამის გარანტიას. ხელფასებსაც დავარიგებთ, კამერებსაც ვიყიდით და ყველაფერი კარგად იქნება. თქვენთან, თქვენ გარეშე, თუ თქვენ საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა გვარამიამ.