უეფას პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება.
"თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპპროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს მამაკაცთა შორის, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 მასპინძელ ქალაქში გაიმართება. მას დაესწრებიან ფეხბურთის მოყვარულები მთელი ევროპიდან. უეფას ევროპის ტურნირი ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატს - ეს არის მაღალი კლასის, გუნდური თამაშის და ფეხბურთის გამაერთიანებელი ძალის ზეიმი. თქვენი დასწრება საქართველოს მიერ გამართულ მატჩებზე იქნება ამ ღირებულებების მიმართ თქვენი ერთგულების და ჩვენი საერთო რწმენის დადასტურება, რომელიც ასახულია ტურნირის დევიზში: "ერთიანობა ფეხბურთში. ერთიანობა ევროპის გულში". მოუთმენლად ველი გერმანიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, ერთად გავხდებით ამ ისტორიული მოვლენის მოწმენი", - აღნიშნულია უეფას პრეზიდენტის ოფიციალურ მოსაწვევში.