16 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
"პირველივე ტურში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე კანდიდატის გამარჯვება იქნება ჩათვლილი საბოლოო გამარჯვებად" - კომიტეტებში "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებაზე მსჯელობა იწყება

კომიტეტებში "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებაზე მსჯელობა იწყება. საუბარია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებაზე.

"ქართული ოცნების" ინიციატივას დღეს იურიდიული კომიტეტის წევრები განიხილავენ. სხდომა ამ წუთებში იწყება.

ამავე პროექტით, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლითაც პარტიას უფლება ექნება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, საუკეთესო მაჩვენებლის მქონე კანდიდატი პირველივე ტურში ჩაითვლება გამარჯვებულად.

"არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს საკრებულოებში მაჟორიტარების არჩევისას მეორე ტურის გამართვა. პირველივე ტურში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე კანდიდატის გამარჯვება იქნება ჩათვლილი საბოლოო გამარჯვებად. ეს ამარტივებს პროცედურებს. ოპოზიციასაც თუ აქვს რაიმე სურვილი, თვითონ შიგნით დალაგდნენ და წარმოადგინონ ერთი კანდიდატი, ან ის კანდიდატი, რომელსაც ისინი მხარს დაუჭერენ, გადაინაწილონ ოლქები და პირველივე ტურში განვსაზღვროთ ვინ არის ძლიერი წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, ვის უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს.

რაც შეეხება საპარლამენტო კუთხით არჩევნებში პროპორციულ სიაში დელეგატების მითითებას, არაფერი იცვლება, არანაირი მაჟორიტარული სისტემა არ ბრუნდება, ერთი ბიულეტენი იქნება მხოლოდ, რომელსაც 150 კაციანი სია ექნება პროპორციული არჩევნებისთვის, თუმცა კანდიდატების გვერდზე პარალელურად მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომლის დელეგატადაც ისინი იქნებიან წარმოდგენილნი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები