18 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
კრემლი კიევს ისევ ემუქრება - "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტის უკან რუსეთი უკრაინის კვალს ხედავს

კრემლი კიევს ისევ ემუქრება. ამჯერად - რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი. ალექსანდრ ბორტნიკოვი ამტკიცებს, რომ სპეცსამსახურებმა იციან, ვინ არიან რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ორგანიზატორები და ყველაფერს აკეთებენ მათ დასასჯელად.

რუსეთი უკრაინას ღიად ადანაშაულებს, თუმცა დაპატიმრებების სერიას დაღესტანსა და ტაჯიკეთში ახორციელებს. სწორედ მაჰაჭყალაში დაკავებული 3 პირიდან ერთ-ერთის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა "ეფესბემ". დაკავებული ამბობს, რომ ისინი ტერორისტებს ფულითა და იარაღით ამარაგებდნენ.

სწორედ მოსალოდნელი ტერაქტების პრევენციის მიზნით, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია. სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტიტერორისტული ღონისძიებები ტარდება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს როსტოვის ოლქში კიდევ ერთი მამაკაცი. რუსული მედიის ინფორმაციით, ის ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა და თავდასხმებისა და დივერსიული აქტების განხორციელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა.

დივერსიას უკავშირებს რუსული მედია ქალაქ ვორონეჟში დღეს მომხდარ აფეთქებასაც. ოფიციალური ვერსიით, ადგილობრივ ჩაიხანაში, უცნობმა პირებმა ფანჯრიდან ხელყუმბარა ისროლეს. კითხვის ნიშნებს აჩენს, დღესვე, ქალაქ ეკატერინბურგში მდებარე ურალმაშის ქარხანაში გაჩენილი ხანძარიც. ორივე ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა, რუსული მედია უკვე აქტიურად წერს, რომ ამ დივერსიული ფაქტების უკან, სავარაუდოდ, უკრაინა დგას. რუსეთთან ომში მყოფი კიევი მოსკოვის ყველა ბრალდებას უარყოფს და ამკიცებს, რომ უკრაინა მხოლოდ ფრონტზე იბრძვის.

დღის ამბები