"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა კომიტეტებში დაიწყება. კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის დაფინანსებაც უცხოეთიდან 20%-ს აღემატება, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნება.
საპარლამენტო ოპოზიცია, ქვეყანაში შემოსული ფინანსების სრულ კონტროლსა და განსხვავებული აზრის შეზღუდვის მცდელობაზე საუბრობს. საკუთარი არგუმენტები აქვს საპარლამენტო უმრავლესობას.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით,"ქართული ოცნება" ცდილობს გააკონტროლოს ყველანაირი ფული, რომელიც ამა თუ იმ ფორმით ოპოზიციაში შესაძლოა მიდიოდეს, რაც რეალურად, მისი შეფასებით, განსხვავებული აზრის შეზღუდვაა.
მისივე თქმით, "თუ კანონს NGO არღვევს, ამისთვის ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, პროკურატურა ნებისმიერ ტრანზაქციას გააკონტროლებს."
რახ შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, თუ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ თავიანთ ფინანსურ რესურსს ადამიანების კეთილდღეობაში ხარჯავენ, მაშინ რა არის ამაში დასამალი?! ბოჭორიშვილი კანონში ვერაფერს საწინააღმდეგოს და "რუსულს" ვერ ხედავს.
ცნობისთვის, რეზონანსული კანონპროექტი მმართველმა გუნდმა პარლამენტში ზუსტად ერთი წლის შემდეგ დააბრუნა. დოკუმენტში შეცვლილია მხოლოდ ტერმინი - "უცხოური გავლენის აგენტი" "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელმა ორგანიზაცია" ჩაანაცვლა.