დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. ვერავინ ასაბუთებს, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი სრულად გამართულია.
"ბოლო საკითხი, რაზეც საზოგადოების ყურადღების გამახვილება მინდა, არის კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ," რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. მე პირადად, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, ამიტომ დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე, ზოგადად ვიტყვი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, ვერავინ ასაბუთებს, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. გუშინ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ. მან განაცხადა, რომ შინაარსში არ უნდა შევიდეთო, შინაარსი არის ხელისუფლების ველი, ანუ უშინაარსობა ჩვენი ოპონენტების ველი, ამაზე უკეთეს აღიარებას, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსში ყველაფერი გამართულია, კანონპროექტი თავიდან ბოლომდე გამართულია, ერთადერთი, რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, წლიური დეკლარირებაა იმ ფინანსებისა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს აქვთ. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა რუსულია, გაუმჭვირვალობა - ევროპული. შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა, ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ," - განაცხადა კობახიძემ.