20 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
მოსამართლე ურთმელიძის სამართალი - როგორ და რა დროში მიიღო ურთმელიძემ გადაწყვეტილება

ხუთი წელია, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო დავებს უძღვება. მანამდე ის ჯერ ცაგერის, მოგვიანებით კი ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.

მისი სახელი სკანდალური სამოსამართლო საქმიანობის პერიოდში პირველივე გახმაურებული საქმის ჩაბარებისთანავე გახდა ამ საქმეზე მიღებული პირველივე გადაწყვეტილების გამო.

2015 წლის 5 აგვისტოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე წამყვანი მედიასაშუალება რუსთავი2-ის ქონება დააყადაღა.

ზეპირი მოსმენით მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სხდომის გარეშე კიდევ ერთი ყადაღის შესახებ იმსჯელა, რომელიც ახალი სკანდალისა და ხმაურის მიზეზი გახდა. თამაზ ურთმელიძემ, ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე, რუსთავი2-ის მფლობელი ტელეკომპანია საქართველო დააყადაღა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებსა და ბრალდებებს თამაზ ურთმელიძემ ბოლო სასამართლო პროცესზე თავად უპასუხა. სპეციალური განცხადება გაავრცელა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც, სადაც მოსამართლეზე ზეწოლასა და „მორალურ წნეხზეა“ საუბარი.

მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხელისუფლებასთან კავშირს გამორიცხავენ მთავრობის წევრებიც.

ისინი აცხადებენ, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს აღმასრულებელისაგან დამოუკიდებელია და ორ სუბიექტს შორის დავაში სასამართლო კანონის ინტერესების მიხედვით ხელმძღვანელობს.

თამაზ ურთმელიძის მიერ ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია საქართველოს დაყადაღების შესახებ მოპასუხე მხარე უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.

ასევე მოპასუხე მხარე აპირებს, კიდევ ერთხელ დააყენოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების საკითხი, ამჯერად მისი მეუღლის მიერ რუსთავი2-ის ხელმძღვანელობის მისამართით სოციალურ ქსელში გავრცელებული შეურაცხმყოფელი შეფასებების გამო.

  

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები