20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ ბრალი ცოტა ხნის წინ წაუყენეს. ინფორმაცია ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ დაკავებულთა ადვოკატმა გაავრცელა.

ელისო დათუსანის განცხადებით, დაკავებული 3 პირიდან ორის მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კიდევ ერთ დაკავებულს მირიან დეისაძეს კი ხულიგნობასთან ერთად საგამოძიებო ორგანო ადამიანის ცემაშიც სდებს ბრალს. მასაც მისი თანამოაზრეების მსგავსად 7 წლამდე პატიმრობა და ცემისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ადვოკატ ელისო დათუსანის განცხადებით დაკავებულები არ აღიარებენ დანაშაულს და პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას აცხადებენ.

ქუთაისში წინასწარი დაკავების იზოლატორთან კი დაკავებულთა მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

თავისუფალი ზონის ხელმძღვანელი კობა ხაბაზი ამბობს, რომ სამივე აქციის მონაწილის დაკავების მოტივი პოლიტიკურია. 

ავტორი მარიამ გაფრინდაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები